სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტი დინამოა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 სტატისტიკაგალერეაVIDEO

პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია. დღეს, სპორტის სასახლეში
თბილისის “დინამომ” მეოთხედფინალის მე-3 მატჩი 101:64  მოუგო “ოლიმპს”
და სერიაში მშრალი ანგარიშით გაიმარჯვა.

ამ გუნდების მეოთხედფინალური სერია ყველაზე უინტერესო
გამოდგა. რეგულარულ ჩემპიონატში პირველზე გასულმა “დინამომ” სამივე მატჩი
იოლად მოუგო მერვეადგილოსან “ოლიმპს” და ბევრად საპასუხისმგებლო ნახევარფინალური
სერიის წინ კარგი ვარჯიში გამოუვიდა.

მატჩის ბედი პირველი ტაიმის შემდეგ გადაწყვეტილი იყო.
დინამოელების უპირატესობა 30 ქულას იყო გადაცილებული და დარჩენილ დროში მწვრთნელებმა
გუნდის ყველა სათადარიგოს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.

წინა მატჩების 38 და 40 ქულით მოგების შემდეგ დინამოელებმა
“ოლიმპი” ამჯერად 37 ქულით დაამარცხეს, რაშიც ყველაზე მოზრდილი წილი ქიან
კარტერის ანგარიშზე – 19 ქულა, 9 მოხსნა. სტევან მილოშევიჩმა 14 ქულა და ამდენივე მოხსნა
დააგროვა. ოლიმპელთაგან საუკეთესო 20 ქულით ნოდარ გოგოძე გახლდათ.

“დინამო” ნახევარფინალშია და მეტოქეს ელოდება,
რომელიც “ბათუმისა” და “შსს აკადემიას” დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს.
აჭარული გუნდი სერიას 2:0 იგებს და მე-3 მატჩს დღეს, ბათუმში გამართავს.

“ოლიმპი” კი 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება,
სადაც მეოთხედფინალიდან ვერგასული გუნდები ითამაშებენ.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(„დინამოს“
მთავარი მწვრთნელი): ჩვენი მინიმუმი პროგრამა ნახავრფინალში გასვლა იყო და
ეს გამარჯვება უკვე დავიწყებული გვაქვს. ველოდებით ჩვენს მეტოქეს ნახევარფინალში, სადაც,
რა თქმა უნდა, გაცილებით რთული თამაშები გვექნება.  ორივე ძლიერი გუნდია და  ვერ გეტყვით რომელს ვისურვებდი. თუ მოგება გვინდა
ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ.

 დავით თორთლაძე (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი):
დაველოდებით ჩვენც მოწინააღმდეგეს პლეი აუტში. წელს ჩვენი მიზანი არ ყოფილა არც 4-ეულში
შესვლა და არც ჩემპიონობა, ჩვენ სხვა კუთხით დავსახეთ გეგმები და ვფიქრობ ეს უფრო წაადგება
კალათბურთის განვითარებას. ვგულისხმობ  ბავშვთა
სკოლებს, რომელიც წელს წამოვაყალიბეთ. სეზონის დასაწყისში, დუდუ დადიანის ტურნირისთვის
ჩვენს გუნდს გარკვეული სახე  ჰქონდა, მაგრამ
შემდეგ  დავსუსტდით – რიჩარდ მათიაშვილმა დისკვალიფიკაცია
მიიღო და ლაშა  ფარღალავამაც დატოვა ჩვენი გუნდი.
ამ ყველაფრის შემდეგ ფაქტიურად  ვერ ამოვისუნთქეთ,
მაგრამ მიუხედავად ამისა, ვეცდებით  5-8 ადგიებისთვის
მაინც ვიბრძოლოთ.