სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა ახალი სეზონი შეაფასეს

სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა ახალი სეზონი შეაფასეს

სუპერლიგა 2013-14 წლების სეზონი გასულ შაბათს დაიწყო.
ჯერ 1 ტური მიილია, თუმცა უკვე შეიძლება ითქვს, რომ მაყურებელს ძალიან საინტერესო ჩემპიონატი
ელოდება. ამ
აზრს იზიარებს სუპერლიგის მონაწილე გუნდების მწვრთნელთა
უმეტესობა, რომლებსაც სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარები ვთხოვეთ.

 

ვაჟა კვარაცხელია, “სოხუმის” მთავარი მწვრთნელი:

– ვფიქრობ, ეს ჩემპიონატი წინაზე უკეთესი იქნება. ამის თქმის
საშუალებას გუნდების ძალთა თანაფარდობა მაძლევს. გასულ სეზონში 2 გამოკვეთილი ლიდერი
იყო – “შსს-აკადემია და “ოლიმპი”, ამ ჩემპიონატში კი ყველა გუნდი მეტ-ნაკლებად
თანაბარია. “მაკაბიც” კი არაა ხელწამოსაკრავი. პირველ ტურში “შსს-აკადემიას”
კინაღამ მოუგო.

-პირველ ტურში “სოხუმმა” ძალიან ცუდად ითამაშა.
გუნდის წევრები ეიფორიაში იყვნენ ცოტა ხნის წინ მოგებული დუდუ დადიანის ტურნირის გამო.
ასე ცუდად “სოხუმს” არ მახსოვს, რომ ეთამაშოს. მომავალ ტურში საკმაოდ ძლიერ
“დინამოს” ვხვდებით და ვეცდებით გამარჯვების მოპოვებას.

დავით თორთლაძე, “ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი:

– ჩემპიონატი ჩვეულებრივად დაიწყო. მოლოდინი დიდი იყო
და იმედი, თუმცა გულდასაწყვეტი ფაქტია, რომ რეგულარულ ჩემპიონატში გუნდებმა მხოლოდ
16 მატჩი უნდა ჩაატარონ. “ოლიმპს” საპრიზო ადგილის დაკავების პრეტენზია არ
აქვს, ჩვენ აქცენტს ახალგაზრდებზე ვაკეთებთ და იმედი გვაქვს, სეზონის მანძილზე თამაშს
დავხვეწავთ და ჩვენს გულშემატკივარს გამარჯვებებით გავახარებთ.

– ჩემპიონატის დაწყებამდე ლაშა ფარღალავა გამოგვაკლდა,
რომელსაც ირანში თამაშის შანსი გამოუჩნდა და ჩვენც ხელი არ შევუშალეთ, რადგან საზღვარგარეთ
წასვლა მის განვითარებას ხელს შეუწყობს. აქვე აღვნიშნავ, რომ რიჩარდ მათიაშვილის
10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია, როცა რეგულარულ ჩემპიონატში 16 მატჩია ჩასატარებელი,
უსამართლო გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება პირველ ტურში “ბათუმთან” წაგებას,
ეს მეტოქის ინდივიდუალური თამაშის გამო მოხდა. ბათუმელებმა 3 ლეგიონერის შედეგიანი
თამაშის წყალობით მოგვიგეს. სასიხარულოა, რომ “ბათუმმა” მოახერხა ძლიერი
კალათბურთელების შეკრება და ჩემპიონატში ამბიციები გაუჩნდა.

მალხაზ კოხრეიძე, “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:

– გასულ სეზონთან შედარებით უფრო საინტერესო ჩემპიონატი
იქნება, თუმცა ეს გუნდების შემცირების ხარჯზე მოხდა და ამას არ მივესალმები. როცა გუნდები აკლდება ჩემპიონატს, ეს არც ერთი მწვრთნელისა და მოთამაშისთვის არ არის
კარგი. ანუ მე ვიტყოდი, რომ ამ ჩემპიონატს 2 მხარე აქვს – დადებითი და უარყოფითი.

– “ქუთაისმა” პირველი ტურის მატჩი კარგად
ითამაშა. ყველამ ნახეთ, რომ გუნდმა შეთამაშებული და დალაგებული კალათბურთი აჩვენა.
პირადად მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გუნდურ თამაშს და ვცდილობ, ამ მხრივ ყოველთვის
კარგად ვიყოთ მომზადებულები. თუმცა ისიც სათქმელია, რომ გუნდური თამაში ინდივიდუალური
ოსტატობიდან იწყება. “ქუთაისს” პრობლემა აქვს ცენტრის პოზიციაზე და თუ მოვახერხებთ
ამის გამოსწორებას, შედეგებს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ”.

 

მიხეილ კობეშავიძე, “ბათუმის” მთავარი მწვრთნელი:

– ჩვეულებრივი, კარგი ჩემპიონატი იქნება. არ არიან გამოკვეთილად
ძლიერი გუნდები და საინტერესო ბრძოლას უნდა ველოდოთ. კარგი იქნებოდა, 10 გუნდი ყოფილიყო,
თამაშების რაოდენობაც მეტი იქნებოდა, თუმცა რას ვიზავთ. დონით ეს ჩემპიონატი არ იქნება
ისეთი, 2 წლის წინ რომ იყო, როცა “არმიას” სანდიეტა გეინსი და ჯერემი რიჩარდსონი
ჰყავდა, თუმცა ინტერესი ნამდვილად არ აკლდება.

– ჩვენს გუნდს მომატების პოტენციალი გააჩნია. პირველ
ტურში ყველა თავის გამოჩენას ცდილობდა, ამერიკელი გამთამაშებელი კი 1 კვირის ჩამოსულია
და ჯერ ვერ არის გუნდთან ადაბტირებული. დაცვა და დისციპლინა შეტევაში, ამ კომპონენტებზე
გვაქვს სამუშაო და ვფიქრობ მნიშვნელოვნად მოვუმატებთ.

 კოტე ტუღუში,
“არმიას” მთავარი მწვრთნელი

– დაძაბულობით ეს ჩემპიონატი წინას არ ჩამოუვარდება,
მაგრამ მოთამაშეთა კლასით და ხარისხით წინამორბედის მსგავსი არ იქნება. ამ ჩემპიონატსაც
არ აკლია ლეგიონერები, თუმცა შედარებით მეტი გაქანება ეძლევა ახალგაზრდებს, რაც კარგია.

– პირველმა ტურმა გამოაჩინა, რომ დაძაბული თამაშები
იქნება. ამ ჩემპიონატში თითოეულ ტურში 1 ცენტრალური მატჩი არ იქნება. ყოველ ტურში მინიმუმ
2 თანაბარი და დაძაბული მატჩი გაიმართება. “არმიას” წინა წლებთან შედარებით
ყველაზე სუსტი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა ამბიციები ძველი რჩება. ვეცდებით დაკარგული
ტიტულები დავიბრუნოთ.

 

რამაზ გოგობერიშვილი, “რუსთავის” მწვრთნელი

– ამ
სეზონში უფრო მეტი თანაბარი გუნდია, ვიდრე წინამორბედში იყო და ეს ძალიან კარგია. სამწუხაროა,
რომ ჩვენი გუნდი დასუსტდა და ვერ ჩაებმება ჩემპიონატის ლიდერთა დავაში. იმედია, რომ
შემადგენლობას გავაძლიერებთ, თუმცა ჯერ ამის პერსპექტივა არ ჩანს”.

 

ჯამლეტ ხუხაშვილი,
“მაკაბის” მთავარი მწვრთნელი:

– კარგ ჩემპიონატს
უნდა ველოდოთ. მართალია, ლეგიონერთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა მაინც რჩებიან უცხოელი
მოთამაშეები, რომლებიც ადგილობრივებთან ერთად ჩემპიონატს მნიშვნელოვან ხიბლს შემატებენ.

– პირველ ტურში 3
შეხვედრაში მეტოქემ შედარებით იოლად იმარჯვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 3 დამარცხებული
გუნდი მომავალ ტურშიც ასე იოლად დათმობს რამეს. “სოხუმმა”, რომელსაც ძლიერი
გუნდი ჰყავს, “ქუთაისთან” წააგო, რაც ჩავარდნის ბრალია. მომავალში გაცილებით
საინტერესო მატჩები იქნება.

– “მაკაბისა”
და “შსს-აკადემიას” მატჩი იყო ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ მართლაც საინტერესო
ჩემპიონატი გველის. მართალია, შსს შედარებით შესუსტდა, თუმცა მაინც ძლიერი გუნდია,
რომლის შემდგენლობაშიც სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები ლიდერები თამაშობენ. ასევე
დავით უგრეხელიძე, რომელიც დიდი გამოცდილების მოთამაშეა და “შსს-აკადემიას”
ძალიან დაეხმარება. ამ გუნდს “მაკაბი” ბოლო წუთებამდე ღირსეულად ებრძოლა.
არადა, ჩემი გუნდის ხუთეულის საშუალო ასაკი 19 წელია. ბოლო წუთებზე ძალიან მნიშვნელოვანი
ბურთბი ჩააგდო მაიზერ რევაზაშვილმა, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა და უკვე 208 სანტიმეტრია.

 

 ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი

– პირველი ტურით ძნელია შეფასება, თუმცა მაინც შეიძლება
დასკვნის გაკეთება, რომ კარგი ჩემპიონატი იქნება. მე უფრო მეტი ოპტიმიზმით ვუყურებ
მომავალ სეზონს, ვიდრე პესიმიზმით და ვფიქრობ, წარმატებით გაგრძელდება ის წინსვლის
პროცესი, რასაც ბოლო წლებში ჩაეყარა საფუძველი. ცუდია, რომ სუპერლიგას 3 გუნდი გამოაკლდა,
მაგრამ ეს რეალობაა და ეხლა იმაზე მუშაობაა საჭირო, რომ ჩამოყალიბდეს ალტერნატიული
ლიგა, რათა ის მართლაც კარგი ბიჭები არ დაიკარგნონ, რომლებიც დღესდღეობით უგუნდოდ არიან
დარჩენილნი.

– ჩემპიონატში საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან თავმოყრილნი
– “სოხუმი”, “არმია”, “ქუთაისი”, ძალიან საინტერესო
გუნდია “ბათუმი”. მომავალ შაბათს “სოხუმს” ვეთამაშებით, რომელმაც
პირველ ტურში თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 20 პროცენტი გამოავლინა “ქუთაისთან”
წაგებულ შეხვედრაში. ვფიქრობ, “დინამოს” გასულ სეზონთან შედარებით უკეთესო
გუნდი ჰყავს, რომელიც ჯერ ბოლომდე შეთამაშებული არ არის და ჩემპიონატის მსვლელობისას
პროგრესს განიცდის. ვფიქრობ, სუპერლიგის მეორე წრე და დასკვნითი ეტაპი უფრო საინტერესო
იქნება, რადგან დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ გუნდები ჩემპიონატის მსვლელობისას კიდევ
უფრო ძლიერდებიან.

არჩილ ჟღენტი,
“შსს-აკადემიას” მწვრთნელი:

– ვფიქრობ, შესაძლოა,
ეს ჩემპიონატი უფრო დაძაბული იყოს, ვიდრე წინა. გასულ სეზონში ჩვენს გუნდს და
“ოლიმპს” ჰქონდა ჩემპიონობის გამოკვეთილი ამბიცია, ახლა კი ვერ იტყვი, თუ
რომელი გუნდია ფავორიტი. “დინამო”, “სოხუმი”, “ბათუმი”,
“ქუთაისი”, “არმია”… ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი თანაბარი და ძლიერი
გუნდია, რაც დაძაბულობას გააძლიერებს.

– ჩვენ შედარებით
ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ამ ეტაპზე ასეა და თუ მოხერხდა ლეგიონერებით შევსება, ეს
ჩემპიონატს მეტ ინტერესს შესძენს. პირველ ტურში “მაკაბისთან” გაგვიჭირდა, რაც
ძირითადად ჩვენი გუნდის გაახალგაზრდავების გამო მოხდა. მომავალ ტურში ვისვენებთ, შემდეგ
კი “არმიას” ვხვდებით, რომელთან თამაშიც ჩვენი გუნდის წევრებისთვის ძალიან
მნიშვნელოვანი იქნება.