დღეს დაიწყო საქართველოს 28-ე ეროვნული ჩემპიონატი. სუპერლიგის 3 მატჩს დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს, ხოლო პირველი ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 11 ნოემბერს – ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება.
ოლიმპიურ სასახლეში დასრულებულ პირველ მატჩში “მგზავრებმა” “დელტას” 81:74 სძლია. ახალდაწყებული სეზონის პირველი ტურნირის – დუდუ დადიანის თასის გამარჯვებული “დელტა” ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა. შეხვედრაში მხოლოდ ერთი ლიდერი იყო: “მგზავრებმა” შეხვედრა 7:0 გაქცევით რომ დაიწყეს, ამ და კიდევ უფრო სოლიდურ ლიდერობას თამაშის ბოლომდე ინარჩუნებდნენ.
“მგზავრების” წარმატება მათი კარგი დაცვითი თამაშითა და ამას მოყოლილი სწრაფი შეტევებით იყო განპირობებული. ადრიან ბოუი და კახა ჯინჭარაძე შეტევაში სისხარტითა და სიზუსტით გამოირჩეოდნენ, რომლებსაც ძალისმიერი თამაშით ჯეიკობ არმსტრონგი და ემანუელ ნდუმანია ეხმარებოდნენ. პირველი ნახევრის შემდეგ “დელტა” 10 ქულით აგებდა, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ, თამაშში გარდატეხა მაინც ვერ შეიტანა და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 17 ქულით ჩამორჩა.
დარჩენილ დროში რაც “დელტას” მოთამაშეებმა მოახერხეს, ჩამორჩენის შემცირება იყო, თუმცა ყოველ ასეთ მცდელობას რეზო ჩაჩანიძის სამქულიანი და კახა ჯინჭარაძის ზუსტი გარღვევა მოჰყვა, რამაც “მგზავრებს” სეზონის პირველი გამარჯვება გაუნაღდა. 21 ქულით და 9 მოხსნით გამარჯვებულებს ადრიან ბოუიმ ულიდერა. 21 ქულა და 5 პასი მიითვალა კახა ჯინჭარაძემ. 14-14 ქულა დააგროვეს რეზო ჩაჩანიძემ და ჯეიკობ არმსტრონგმა. “დელტაში” 14 ქულით ბომბარდირი გახდა მალკოლმ დრამრაიტი, ხოლო არტიომ შვეცმა ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა.
მგზავრები – დელტა
სტატისტიკა: 81:74