საკალათბურთო სუპერლიგა დაიწყო. საქართველოს 27-ე ეროვნულ ჩემპიონატში 9 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან დღეს გათამაშებაში 6 ჩაერთო. სუპერლიგის პირველი ტურის 4 მატჩიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს 3 მატჩი ჩატარდა, ხოლო ხვალ კალენდრის მიხედვით კიდევ ერთი შეხვედრა – „კაკტუსი“ – „სოხუმი“ გაიმართება.
სანამ დღეს გამართულ მატჩების შედეგებს გაგაცნობდეთ, აღვნიშნავთ, რომ სუპერლიგის გათამაშების ფორმატი შეიცვალა. წინა სეზონში პლეი ოფში 4 გუნდი გადიოდა, მიმდინარე სუპერლიგაში კი 4 წრის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფიდან 8 საუკეთესო გუნდი განაგრძობს.
ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ და დებიუტანტი მარნეულის „დელტა“ დაუპირისპირდნენ. ქვემოქართლურმა გუნდმა გასულ სეზონში „ა“ ლიგა მოიგო და სუპერლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მარნეულელებს წინ შორი გზა აქვთ, დღეს კი ისინი „დინამოს“ წინააღმდეგ უძლურნი აღმოჩდნენ. ევროთასზე მოასპარეზე დინამოელებმა ლიგის დებიუტანტს წარმატების შანსი არ მისცეს და 24 ქულით – 87:64 დაამარცხეს.
გამარჯვებულებს 15 ქულით გიორგი შარაბიძემ ულიდერა. 13 ქულა დააგროვა კაელ ტურპინმა, ხოლო გუნდის კაპიტანმა ილია ლონდარიძემ 11 ქულას უწია. მარნეულელთაგან 14 ქულით საუკეთესო იყო არტიომ შვეცი.
მეორე შეხვედრაში საინტერესო ბრძოლა გაიმართა. გასული სეზონის ვერცხლის მედალოსანი „ქუთაისი“ „ოლიმპს“ შეხვდა და მარცხი განიცადა. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა სამაგალითოდ ითამაშეს და სუპერლიგა საამაყო გამარჯვებით დაიწყეს.
„ოლიმპს“ ულიდერა ამერიკელმა მარკ ოგდენმა, რომელმაც 20 ქულა და 6 ჩაჭრა მიითვალა. 18 ქულით გამოირჩა მიხეილ ჭოჭუა, გივი ბაქრაძემ კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. „ქუთაისში“ 18 ქულით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, ხოლო 14 ქულა აკაკი ლომოურის ანგარიშზე დაგროვდა.
ბოლო შეხვედრაში „რუსთავმა“ იოლი გამარჯვება მოიპოვა „მგზავრების“ წინააღმდეგ. ქვემოქართლურმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, რის შემდეგაც ლიდერობას პერმანენტულად ზრდიდა და საბოლოოდ 28 ქულის სხვაობით – 97:69 იმარჯვა. რუსთაველთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო ტაირელ ნელსონი, გუნდის კაპიტანმა ლევან ცეკვავამ კი 17 ქულა მიითვალა. „მგზავრებში“ 23 ქულით კახაბერ ჯინჭარაძე გამოირჩა.
სუპერლიგის პირველი ტური ხვალ დასრულდება. 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „კაკტუსი“ და „სოხუმი“ ითამაშებენ. ამ ტურში დაისვენა „ბათუმმა“, რომელიც სუპერლიგაში მეორე ტურიდან ჩაერთვება.
დინამო – მარნეული 87:63
ოლიმპი – ქუთაისი 84:78
მგზავრები – რუსთავი 69:97