სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონი იწყება. დღეს თბილისის სპორტის სასახლე 1-ლი ტურის 4 მატჩს უმასპინძლებს.
ეროვნული ჩემპიონატი ”მგზავრები-არმიასა” და ”შსს აკადემიის” გუნდებს შორის შეხვედრით გაიხსნება.
გაგაცნობთ თამაშის დაწყებამდე გუნდების მთავარი მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
ანატოლი ბერიშვილი, ”მგზავრები-არმიის” მთავარი მწვრთნელი:
”პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას და მივულოცო ახალი სეზონის დაწყება. ჩვენი გუნდი არ არის სათანადოდ მომზადებული, რადგან ძალიან ცოტა დრო გვქონდა, თუმცა შევეცდებით სასურველ შედეგს მივაღწიოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. რაც შეეხება მეტოქე გუნდს, ,,შსს აკადემია” ძალიან გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა გამოვა.”
კოტე ტუღუში, ,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი:
,,მივულოცავ ყველას ახალი სეზონის დაწყებას. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, სეზონი იწყება. მეტნაკლებად ყველა გუნდი მზად არის, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენი და მეტოქის გუნდზე. ,,მგზავრები-არმია” და ,,შსს აკადემია” ის ორი გუნდი იყო, რომლებმაც ყველაზე გვიან, ბოლოს დაიწყო დაკომპლექტება. პრობლემებით ვხვდებით ჩემპიონატს, თუმცა სეზონი გრძელია. ჩვენი გუნდის მიზანი ჩემპიონობაა, ძალიან რთული დასაწყისი გვექნება, მაგრამ იმედია სეზონის ბოლოსთვის ყველაფერი გამოსწორდება და კარგად იქნება. ჩემთვის ძალიან რთულია ”მგზავრები-არმიის” წინააღმდეგ თამაში, ჩემი გუნდია, ჩემი გული და სული ჯერ კიდევ ამ გუნდს ეკუთვნის და მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. წარმატებულ სეზონს ვუსურვებ დანარჩენ გუნდებს და მაყურებელს – სანახაობრივ სეზონს. ”