40-დღიანი შესვენების შემდეგ სუპერლიგა მეორე წრიდან განახლდა. თბილისსა და ბათუმში მე-12 ტურის 2 მატჩი გაიმართა, რომლებშიც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. აჭარაში სათამაშოდა პირველი წრის შემდეგ დამაჯერებლად მოლიდერე თსუ ჩავიდა, თუმცა მეტოქეც საკმაოდ ძლიერი – მე-3 ადგილზე მყოფი ბათუმი დახვდა.
შეხვედრა ვერ გამოვიდა დაძაბული. სუპერლიგის ლიდერმა ბათუმელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და პირველი პერიოდი 12:32 რომ წააგო, შემდეგ წარმატების შანსიც არ ჰქონია. უნივერსიტეტელებს საკადრო პრობლემები აქვთ. უფრო ზუსტად კი, გუნდიდან წასულ ამერიკელთა შემცვლელებს ადაპტაციის პერიოდი უდგათ – ისააკ ასრატმა და ჯიბრილ ფოლკნერმა თსუ-ში დღეს პირველად ითამაშეს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტურძილაძე კი უნივერსიტეტელებს ფეხის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.
ბათუმელებმა ლაღად და შემართებით ითამაშეს. ტურძილაძის არყოფნაში გიორგი კორსანტიას გაუჭირდა აჭარელთა სერბი ცენტრის – ნიკოლა ვუიოვიჩის შეჩერება. ბალკანელმა მასპინძლებს 18 ქულითა და 14 მოხსნით ულიდერა, ბომბარდირი კი 21 ქულით კოლინ მალკოლმი გახდა. თსუ-ში 20-20 ქულით დევიდ მაკფარლანდი და სანდრო სანაძე გამოირჩნენ. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით – 96:79 (სტატისტიკა) დასრულდა.
თბილისურ მატჩში კი გაცილებით დიდი ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი – ბოლოადგილოსანი “მგზავრები” და ქულით მასზე წინ მყოფი “კაკტუსი” შეხვდნენ. მთელი თამაშის მანძილზე კაკტუსელები იგებდნენ, თუმცა ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი “მგზავრები” პერიოდულად ფეთქდებოდნენ და ანგარიშიც რამდენჯერმე გაათანაბრეს.
მესამე პერიოდი არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა 24:12 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 15 ქულით გალიდერდნენ. მუდამ მებრძოლი მგზავრების მოთამაშეები არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. ანგარიში ბოლო წუთზე 3 ქულამდეც შეამცირეს, მაგრამ ტაქტიკურ ჯარიმებს არ აცილებდა და ქულებად აქცევდა ბრაიან ულიამსი, რომელმაც შეხვედრა 34 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. მგზავრებმა საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე დეფიციტი 2 ქულამდე აღმოფხვრეს, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი იყო.
შეხვედრა “კაკტუსის” გამარჯვებით – 86:84 (სტატისტიკა) დასრულდა, რამაც არჩილ ჟღენტის გუნდ ცხრილში გვარიანად დააწინაურა – მე-5 ადგილზე აღზევდა, თუმცა მე-12 ტურში კიდევ 3 მატჩია დარჩენილი, რომლებიც ხვალ – 2 თებერვალს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.