სუპერლიგა 17 ოქტომბერს დაიწყება

სუპერლიგა 17 ოქტომბერს დაიწყება

17 ოქტომბერს საქართველოს საიუბილეო, 30-ე ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყება. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1991 წლიდან ტარდება საქართველოს ეროვნული პირველობა. 2007 წლიდან საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას სუპერლიგა დაერქვა, რომელმაც უფრო ორგანიზებული და სოლიდური სახე მიიღო.  

მიმდინარე სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნა, რომელიც 5-10 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მომავალი სუპერლიგის 9 გუნდმა მიიღო. მემორიალური ტურნირი გუნდებისთვის კარგი საშუალებაა სუპერლიგის წინ სათამაშო პრაქტიკა მიიღონ და ახალდაკომპლექტებულ შემადგენლობას შეთამაშების საშუალება მისცენ. 

სუპერლიგის მომავალ გათამაშებაში მონაწილეობას 11 გუნდი მიიღებს: ბათუმი, დინამო, რუსთავი, ქუთაისი-2010, კაკტუსი, ცხუმ-აფხაზეთი, თსუ, ოლიმპი, ტიტები, ვერა და მეგა. ეს უკანასკნელი სუპერლიგის დებიუტანტია, რომელმაც გასულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასული და “ა” ლიგაში დაქვეითებული “მგზავრები” ჩაანაცვლა. 

2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს. რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ ბოლო ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს, ხოლო ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე გასული “ა” ლიგის ვიცე-ჩემპიონთან ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო რაუნდს გამართავს.  

კოვიდ-უსაფრთხოების მიზნით სუპერლიგის თამაშები ჩატარდება მაყურებლების გარეშე.

ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე პარტნიორი კომპანია Genius Sport-ის მიერ განხორციელდება.

2021-2022 წლების სეზონის საკალათბურთო სუპერლიგის 1-ელი ტურის მატჩები: