დასრულდა სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტურის თბილისური
მატჩები. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა „დინამომ“ სტუ-სთან დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა,
თუმცა მატჩის ბოლოს ცოტა ნერვიულობაც მოუხდა.
ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში
ჩამორჩებოდა, თუმცა ზურაბ ტომარაძის გუნდი დანებებას არ აპირებდა და „დინამოს“ ნიადაგ
კვალში ედგა. მაშინაც კი, როცა მესამე მეოთხედში სხვაობამ 20 ქულას მიაღწია
(55:35), სტუ არ მოდუნდა და მეთოდურად ცდილობდა ვითარების გამოსწორებას.
ზურაბ კორკოტაძისა და გიგა კვეტენაძის შედეგიანობამ
ის შედეგი გამოიღო, რომ ბოლო მეოთხედის შუაწელში დინამოელთა ლიდერობა მინიმუმამდე შემცირდა
– 64:63. ირაკლი ხოშტარიამ წუთშესვენება აიღო და სტუ-ელების გაქცევას ფორვარდ ფლინ
კლაიმენის სამქულიანები დაუპირისპირა. ამერიკელმა მსროლელმა ზედიზედ 2 სამიანი ჩააგდო,
საჯარიმოების ტყორცნის უფლებაც მოიპოვა და დინამოელთა უპირატესობა კვლავ საიმედო გახდა,
რის შემდეგაც მატჩის ბედი გადაწყდა.
დინამოელებს ორმა ამერიკელმა ლეგიონერმა – ლამარ კარიმმა
და ფლინ კლაიმენმა ულიდერეს. პირველმა 25 ქულა დააგროვა, ხოლო კლაიმენის ანგარიშზე
21 ქულა და 14 მოხსნაა. ორმაგი დუბლი ჰქონდა დინამოელ ბექა ჩიკვილაძესაც – 10 ქულა,
11 მოხსნა. ტექნიკოსთა გუნდში 16 ქულით საუკეთესო ზურაბ კორკოტაძე იყო.
ამით „დინამომ“ პირველი წრე 6 მოგებითა და 4 მარცხით
დაასრულა. ანალოგიური შედეგი აქვს „ქუთაისსაც“, თუმცა იმერული კლუბი პირადი მოგების
ხარჯზე უსწრებს დინამოელებს. სუპერლიგის პირველი წრე ხვალ, ბათუმში დასრულდება, სადაც
ადგილობრივი გუნდი „რუსთავს“ დაუპირისპირდება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
ირაკლი ხოშტარია
(დინამო): მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქეს არ ჰყავს ძლიერი
შემადგენლობა, მე პირადად ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდები ზურაბ ტომარაძის გუნდთან შეხვედრას.
რაც შეეხება შეხვედრას, კარტერის ტრავმამ მატჩის მსვლელობაზე დიდი გავლენა იქონია.
მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიასპარეზეთ და გავიმარჯვეთ. საახალწლო შესვენებაზე იმედია
გამოჯანმრთელდებიან ჩვენი მოთამაშეები და მეორე წრეს სრული შემადგენლობით შევხვდებით.
ზურაბ ტომარაძე
(სტუ): ვულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას, კარტერის ტრავმამ
იმოქმედა თამაშზე, ჩემი აზრით ის არის სუპერლიგის ერთერთი საუკთესო მოთამაშე, დინამოს
გუნდი აღმავლობის გზაზეა, რომელსაც სხვა გეგმები და მიზნები აქვს. რაც შეგვეხება ჩვენ,
ვცდილობთ თითოეულ შეხვედრაში გამოვასწორო შელახული რეპუტაცია და არ დავკარგოთ რწმენა
იმისა რომ ჩვენც შეგვიძლია ბრძოლა.
გიორგი ორმოცაძე
(დინამო):მეტოქემ ჩვენზე დალაგებულად ითამაშა,მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა
და გამარჯვება მოვიპოვეთ.
ვაჟა ჯანაშია
(სტუ): ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ და ეს შედეგზეც აისახა. ვეცდებით
მეორე წრეში მაქსიმალურად გამოვასწოროთ ჩვენი ხარვეზები.
თსსუ – შსს აკადემია 44:88
არმია – ოლიმპი 93:62
სოხუმი – ქუთაისი 90:86