სოხუმმა ქუთაისთან გადმოტანილი მატჩი მოიგო

სოხუმმა ქუთაისთან გადმოტანილი მატჩი მოიგო

 სტატისტიკა

„ქუთაისისა“ და „სოხუმის“ გუნდების იმერეთში 18 დეკემბერს
დაგეგმილი დაპირისპირება მიზეზთა გამო 8 დეკემბერს გადმოვიდა. შესაბამისად, სუპერლიგის
მე-11 ტურის შეხვედრა დღეს გაიმართა. გათამაშების ცხრილში „ბათუმთან“ ერთად მოლიდერე
„ქუთაისს“ ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილი „სოხუმი“ ეწვია და დამაჯერებელ გამარჯვებას
მიაღწია.

ჩემპიონატის საწყის ეტაპზე „სოხუმი“ ჩემპიონატის ერთპიროვნული
ლიდერი იყო, თუმცა შემდეგ ზედიზედ განცდილი 2 მარცხით მოწინავე ადგილს ჩამოსშორდა,
თუმცა ახლა პოზიციებს კვლავ იმყარებს. დღევანდელი გამარჯვებით სოხუმელები „ქუთაისს“
დაეწიენ და ამ გუნდთან ერთად პირველ ადგილზე არიან, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს გამართული
ბათუმელებს.

რაც შეეხება ქუთაისში დღეს გამართულ მატჩს, ის სოხუმელთა
სრული უპირატესობით წარიმართა. კვარაცხელიას გუნდმა შეხვედრა წარმატებით დაიწყო და
დებიუტში მოპოვებული ლიდერობა თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვა. სოხუმელები უპირატესობას
პერმანენტულად ზრდიდნენ. პირველი პერიოდი სტუმრებმა 30:23 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის
ლიდერობა 10 ქულამდე გაზარდეს – 50:40.

ქუთაისელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ვითარება
ვერაფრით შეცვალეს. ამერიკელი გამთამაშებლის – ფილიპ მილერის გონივრული თამაშის წყალობით
სოხუმელებს პრობლემა არ შექმნიათ და შეხვედრა მათთვის სასურველ შედეგამდე მიიყვანეს.
საბოლოოდ 93:72 – „სოხუმმა“ სუპერლიგის ლიდერთაგანი დიდი სხვაობით დაამარცხა და ქულებით
მასთან ერთად გალიდერდა.

სოხუმელებს 24 ქულით ფილიპ მილერმა
ულიდერა, 17 ქულა დააგროვა ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფაცაცია, ხოლო მატჩის ერთადერთი
ორმაგი დუბლი 16 ქულა-12 მოხსნით გიორგი ჯგერენაიამ მიითვალა. ქუთაისელთაგან სუკეთესონი
13-13 ქულით რიჩარდ მათიაშვილი და გიორგი ჯგერენაია გახდნენ. 

ქუთაისი – სოხუმი  72:93 

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „როგორც
ალპინისტებს უჭირთ  უმაღლესი მწვერვალების დალაშქვრა,
ისე გვიჭირს ყოველთვის ქუთაისის გუნდთან თამაში. არადა, მსიამოვნებს ქუთაისი ჩამოსვლა,
მისი ბრწყინვალე  გულშემატკივარი. მიმაჩნია,
რომ ქუთაისის გუნდი საქართველოში იგივეა, რაც „ჟალგირისი“ ლიტვაში.  ვიცოდით, რომ დაძაბული ბრძოლა გვექნებოდა და საგანგებოდ
მოვემზადეთ ამ თამაშისათვის. ჩვენმა გარჯამ ნაყოფი გამოიღო, პირველ წრეში, თბილისში
განცდილი მარცხისათვის რევანშის აღება მოვახერხეთ“.

კოტე ტუღუში („ქუთაისი 2010“-ს მთავარი მწვრთნელი):
„ძალიან
სამწუხაროა, რომ საკუთარ კედლებში პირველი თამაში წავაგეთ. მთლიანად ჩავარდა ჩვენი
დაცვა. „სოხუმი“ სერიოზული, ძლიერი გუნდია, ჩვენი უშუალო კონკურენტი ჩემპიონობისათვის
ბრძოლაში. წინ კიდევ ბევრი თამაშია. მომდევნო
მატჩს გასვლაზე „აკადემიასთან“ მაქსიმალურად მომზადებულები უნდა შევხვდეთ“.