სოხუმმა ქუთაისი დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

„სოხუმმა“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ვაჟა კვარაცხელიას
გუნდმა გასული სეზონის ბრინჯაოსმედალოსანი და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული
გუნდი „ქუთაისი“ დაამარცხა.

სოხუმელებს ამ მატჩამდე მხოლოდ 2 მოგება ჰქონდათ, თუმცა
ისიც სათქმელია, რომ კვარაცხელიას გუნდი ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოდა და არაერთ
შეხვედრაში გამარჯვებასთან ახლოს იყო. პირველი წრის ბოლო მატჩში „სოხუმს“ მონდომება
დაუფასდა და კვარაცხელიას გუნდმა ყველასთვის უხერხული მეტოქე „ქუთაისი“ დაამარცხეს.

სოხუმელებისთვის გამარჯვება განსაკუთრებით გასახარი
იმიტომ არის, რომ მათ სოლიდური ლიდერობის განიავების შემდეგ მოახერხეს კვლავ დაწინაურება
და გამარჯვებამდე მისვლა. პირველი მეოთხედი კვარაცხელიას გუნდმა 26:18 მოიგო, ხოლო
მეორე ათწუთეულის ახალდაწყებულზე სოხუმელები 12 ქულითაც დაწინაურდნენ. შედეგიანად თამაშობდა
გუნდის ბომბარდირი ირაკლი ჩლაიძე, რომელიც სწრაფ გარღვევებსაც ახორციელებდა და შორიდანაც
წარმატებით ესროდა.

მეორე მეოთხედის მიწურულს ქუთაისელებმა თამაში გამოასწორეს
და ჩამორჩენის შემცირება შეძლეს. დიდი შესვენების შემდეგ იმერულმა კლუბმა დაწინაურებაც
მოახერხა და თითქოს, ყველაფერი ლოგიკურად უნდა დამთავრებულიყო, თუმცა სოხუმელებმა ბოლომდე
იბრძოლეს. მანამდე აქტიურ და შედეგიან ჩლაიძეს ფეხი ვახტანგ ქადარიამ და უზბეკი ლეგიონერმა
რუსლან ნაზმიევმაც აუწყვეს.

ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. თამაშის დასრულებამდე
3 წუთით ადრე ქუთაისელები 2 ქულით იგებდნენ, თუმცა ვახტანგ ქადარიას, გელა კოპალიანისა
და დანარჩენი სოხუმელების თავგანწირული თამაშის წყალობით კვარაცხელიას გუნდი გამარჯვებამდე
მივიდა.

სოხუმელთაგან 27 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე გახლდათ,
ხოლო ვახტანგ ქადარიამ 20 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. ქუთაისელთაგან 21 ქულით რიჩარდ
მათიაშვილი გამოირჩა, ხოლო აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ზაურ ფაშაევმა შეხვედრა 18 ქულით
დაასრულა. 
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

ვაჟა კვარაცხელია
(სოხუმი): ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, დიდი მადლობა  ბიჭებს ასეთი თავდადებული თამაშისთვის. ქუთაისი
ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენებმა ბოლომდე იბრძოლეს და გაგვიმართლა კიდეც.

დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი): ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ პირველ ტაიმში. არ ვარ კმაყოფილი
დაცვაში თამაშით. გადამწყვეტ მომენტში სოხუმმა საჭირო ბურთები ჩააგდო და გაიმარჯვა.

რუსლან ნაზმიევი
(სოხუმი): ძალიან კარგი მატჩი იყო. მეტოქე ძლიერი გუნდია. ბიჭები  სერიოზულად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის და სასიხარულოა
ასეთი წარმატება. ეს ჩემი ბოლო შეხვედრა იყო სუპერლიგაში, რადგან ოჯახური პრობლემების
გამო რუსეთში მიწევს დაბრუნება. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მადლობა გადავუხადო.
საქართველო ძალიან მომეწონა და იმედია ისევ ვესტუმრები თქვენს ქვეყანას.

დავით ბარბაქაძე
(ქუთაისი): პირველი წრის ბოლო შეხვედრაში რატომღაც ძალიან მოვეშვით.  სამწუხაროდ ვერ ვიასპარეზეთ სათანადოდ და სამწუხარო
მარცხი  განვიცადეთ.