სოხუმმა პირველი მარცხი ქუთაისთან განიცადა

სოხუმმა პირველი მარცხი ქუთაისთან განიცადა

  სტატისტიკა გალერეა

სუპერლიგაში დაუმარცხებელი აღარავინაა – ამ ტურამდე
ერთადერთი წაუგებელი გუნდი „სოხუმი“ დღეს „ქუთაისთან“ დამარცხდა. მე-4 ტურის ცენტრალური
შეხვედრა იმერული კლუბის გამარჯვებით – 69:65 დასრულდა.

ქუთაისელებმა გარდამტეხი მეორე პერიოდი ჩაატარეს, რომელიც
18:10 მოიგეს. დანარჩენი მეოთხედები თითქმის თანაბარი იყო. იმერული კლუბი თითქმის მთელი
თამაშის მანძილზე იგებდა, თუმცა სოლიდურ უპირატესობას ვერ ფლობდა. სოხუმელები მეტოქეს
კუდში მისდევდნენ, თუმცა თუ სადებიუტო წუთებს არ ჩავთვლით, ლიდერობის მოპოვება ვერ
მოახერხეს.
პირველი მეოთხედი „ქუთაისმა“ 19:18 მოიგო, თუმცა დიდი
შესვენებისთვის უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. სუპერლიგის ლიდერო „სოხუმი“ რომ ასე
იოლად არ დათმობდა და შანსს ბოლომდე შეინარჩუნებდა, სავარაუდო იყო და ასეც მოხდა. მესამე
ათწუთეულში სოხუმელებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს და მატჩის ბედის გარკვევა ბოლო
პერიოდისთვის გადაიდო.
შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. ყველაფერი ერთმა
შეტევამ გადაწყვიტა. ანგარიში 64:64 იყო, დასრულებამდე 2 წუთი რჩებოდა, როცა ზაურ ფაშაევმა
სამქულიანი ჩააგდო და ქუთაისელები 67:64 დააწინაურა. სოხუმელებმა მხოლოდ 1 ზუსტი საჯარიმოთი
უპასუხეს. თავის მხრივ ქუთაისელებმა საპასუხო შეტევაში ორივე საჯარიმო მიითვალეს,
უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდეს და სოხუმელებს ამ უპირატესობის გაბათილების დრო აღარ
მისცეს.
კომპანია „პრაიმ სპორტს მენეჯმენტის“ ტრადიციული პრიზი,
„ნაიკის“ ფირმის სპორტული ფეხსაცმელი კომპანიის პრეზიდენტ ზურა ბოქოლიშვილისგან ქუთაისელთა
ბომბარდირმა, გოგა ცეკვავამ ჩაიბარა, რომელმაც შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. იმერულ
კლუბს 15 ქულით, 9 მოხსნით და 9 პასით შეეშველა ზაურ ფაშაევი, ხოლო 11 ქულა რიჩარდ
მათიაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
ამ მატჩის შედეგის შემდეგ საინტერესოდ გამოიყურება სუპერლიგის
ცხრილი, სადაც 3 მოგებითა და 1 მარცხით 1-4 ადგილზე განთავსებულნი არიან „ქუთაისი“,
„სოხუმი“, „დინამო“ და „ბათუმი“.

მე-4 ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „ოლიმპი“ და
„მგზავრები“ დაუპირისპირდებიან. 

მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში (“ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): მნიშვნელოვან თამაშში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან სეზონის ლიდერი სოხუმის გუნდი დავამარცხეთ. ეს ჩვენი პირველი გამარჯვება იყო სტუმრად, რომელსაც ფსიქოლოგიურად ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. წლევანდელ სუპერლიგაში ყველა გუნდი თანაბარია და თითოეულ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა  ექნება.
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): ბევრი ხარვეზები გვქონდა, მათ შორის  ჩემი, როგორც მწვრთნელის შეცდომა ბევრი იყო. თუმცა, ეს პირველი წაგება ალბათ სასარგებლოც კი იყო ჩვენთვის, რომელმაც ნათლად დაგვანახა სისუსტეები. გავაანალიზებთ ყველაფერს და მომდევნო ტურებში გაცილებით კარგ თამაშს ვაჩვენებთ.