სტატისტიკა
გალერეასუპერლიგის საუკეთესო
ოთხეული გარკვეულია. ბათუმს, ქუთაისს და დინამოს დღეს სოხუმიც შეუერთდა. ვაჟა კვარაცხელიას
გუნდმა ნახევარფინალში გამსვლელ მატჩში, რომელიც სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის
ბოლოსწინა ტურს დაემთხვა, დამაჯერებელი სხვაობით – 72:59 დაამარცხა მგზავრები და პლეი
ოფის საგზური მოიპოვა.
სატურნირო ვითარება
იმგვარი იყო, რომ ამ გუნდების დაპირისპირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მოიგებდა
სოხუმი, ოთხეულს ინაღდებდა, ხოლო მგზავრების გამარჯვების შემთხვევაში ამ გუნდს ბოლო
ტურში აკადემიას ძლევა ჰყოფნიდა, რათა მეოთხე ადგილზე და შესაბამისად, პლეი ოფში გასულიყო.
უაღრესად პრინციპულ
და გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელებმა იმარჯვეს. ბრძოლა კი შედგა და გვარიანი მუხტიც
ახლდა, თუმცა მატჩის მსვლელობა არ იყო თანაბარი. სოხუმელებმა თავიდანვე მოუჭირეს დაცვით
ხუნდებს და მეტოქეს საწყის პერიოდში 6 ქულა ჩააგდებინეს, თავად 16 მიითვალეს და პირველ
შესვენებაზე ხელჩასაჭიდი უპირატესობით გავიდნენ.
გონივრულად თამაშობდნენ
სოხუმელთა ამერიკელი ლეგიონერები – ფილიპ მილერი და ანდრე სმიტი, რომელთაც მხარს კარგად
უბავდნენ ტანმაღალი სერგო ათუაშვილი და ეროვნული ნაკრების წევრი, ლევან ფაცაცია. ამ
მოთამაშეთა შედეგიანობით სოხუმელები მესამე პერიოდის ბოლოს 51:33 დაწინაურდნენ და შეხვედრის
ბედიც გადაწყვიტეს.
საბოლოოდ სოხუმმა
13 ქულით დაამარცხა მგზავრები, მაგრამ სხვაობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. კვარაცხელიას
გუნდმა ცხრილში მე-4 ადგილი, შესაბამისად, პლეი ოფის საგზური გაინაღდა და მთავარიც
ეს იყო. გამარჯვებულებს 16 ქულით მილერმა ულიდერა, 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ლევან
ფაცაციამ, ხოლო სერგო ათუაშვილის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.
მგზავრებში ერთადერთი კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს – გიორგი ორმოცაძემ 19 ქულა
მიითვალა.
ასე და ამგვარად,
სუპერლიგის ცხრილში პირველი და მეორე ოთხეული გაიმიჯნა. პლეი ოფში ბრძოლას ქუთაისი,
ბათუმი, დინამო და სოხუმი გააგრძელებენ, ხოლო მგზავრები, ოლიმპი, რუსთავი და აკადემია
სუპერლიგაში ადგილის შესანარჩნებლად ერთმანეთში 2 წრედ ითამაშებენ. სათქმელია, რომ
აკადემია იმდენად ჩამორჩება კონკურენტებს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართ 6 ტურში
5-ქულიან ჩამორჩენას დიდი ალბათობით ვერ აღმოფხვრის. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო
ეტაპზე 5-8 ადგილებზე გასულ გუნდებს რეგულარული ჩემპიონატის 28 ტურში დაგროვილი ქულები
მიჰყვებათ.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): ვიცოდი რომ დაძაბული თამაში მელოდებოდა, რადგან ძლიან რთული თამაში მოიგო მგზავრებმა რუსთავში და მე მეამაყება, რომ ჩემი გაზრდილი კალათბურთელი – ბუბა ბერიშვილი იზრდება როგორც უნიკალური მწვრთნელი და საქართველოს მისი სახით უნიკალური მწვრთნელი მოევლინება.
ბუბა ბერიშვილი (“მგზავრების” მთავარი მწვრთნელი): გამართლა ის რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა ამ თამაშში, არა იმდენად დაცვის, არამედ უფრო შეტევაში უშედეგო ტყორცნის. რუსთავთან რაც მოვიგეთ და გავიარეთ ეტაპი, ველოდით რომ სირთულე გველოდებოდა წინ. სოხუმს დინამოსთან წაგებული ქონდა უკვე და უფრო მეტად მოტივირებული იყო. მოტივაციას ვერ ვიტყვი რო ჩვენ უფრო ნაკლები გვქონდა, მაგრამ გამოცდილებამ მაინც იმოქმედა გადამწყვეტ თამაშში. ეს ბიჭები მომავალში უფრო უკეთესები იქნებიან, ვიდრე წელს და მე მაინც მადლობელი ვარ ჩემი ბიჭების, აქამდე ერთად რომ მოვედით და აქამდე რომ მომიყვანეს.