სოხუმმა მგზავრები-არმიას სძლია და ცხრილში გაუთანაბრდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა სუპერლიგის აუტსაიდერთა
მატჩი, სავარაუდოდ, საინტერესო უნდა გამოსულიყო, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. ბოლო
ადგილზე მყოფმა „სოხუმმა“ ცხრილში მის წინ მყოფი „მგზავრები-არმია“ დაამარცხა და მას
მოგებებით გაუთანაბრდა.

მატჩი სოხუმელთა
დიდ უპირატესობით დაიწყო. 5 წუთში ანგარიში 11:0 იყო, რის შემდეგაც მატჩი არც დაძაბულა.
არმიელები ცდილობდნენ ვითარების შეცვლას, თუმცა ამის საშუალებას მათ შედეგიანად მოთამაშე
სოხუმელები არ აძლევდნენ.

გამორჩეულად თამაშობდა
„სოხუმის“ ლიბერიელი ლეგიონერი პელე ლეპეი, რომელმაც შეხვედრა 22 ქულით დაასრულა. მისი,
ბექა ბექაურის და ირაკლი ჩლაიძის ზუსტმა სროლებმა სოხუმელთა უპირატესობა 20 ქულას მიაახლოვა
და თამაშს ბოლო პერიოდში აზრი დაეკარგა.

ვაჟა კვარაცხელიას
გაწვრთნილმა სოხუმელებმა საბოლოოდ 90:73 იმარჯვეს. პელეს კვალად სოხუმელთაგან
19-19 ქულა დააგროვეს ირაკლი ჩლაიძემ და ბექაურმა. ამ უკანასკნელს 19 ქულასთან ერთად
16 მოხსნაც ჰქონდა. დამარცხებულებში 17 ქულით საუკეთესო შედეგი მერაბ ბოქოლიშვილმა
აჩვენა, 11 ქულა რევაზ ათანელიშვილმა მოაგროვა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. როგორც თამაშის წინ აღვნიშნე,
,,სოხუმი’’ ფავორიტი იყო. გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ჩვენ რთული დღეები
გვქონდა, 3 კვირის განმავლობასი 7-8 კაცი ვვარჯიშობდით ტრავმების გამო. დღეს არ ვიყავით
ისეთი მომზადებულები, როგორც საჭირო იყო და შედეგიც სახეზეა.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
მადლობა ბუბას მოლოცვისთვის, ის ჩემი მოსწავლე იყო და ვამაყობ, რომ მთავარი მწვრთნელია,
მინდა კიდევ უფრო დიდი წარმატებები ვუსურვო. რაც შეგვეხება ჩვენ, ფინანსური კრიზისი,
რომელიც გუნდს ჰქონდა, ჩვენმა სპონროსმა ‘’საქართველოს რკინიგზამ’’ მოგვიგვარა და ბიჭებმა
ამოისუნთქეს. გუნდი ნელ-ნელა ლაგდება და მოვემზადებით ‘’ბათუმთან’’ თამაშისთვის. შევეცდებით,
კარგი თამაში ვაჩვენოთ.