მე-3 ტურის ბოლოსწინა მატჩში მიმდინარე სუპერლიგაში ჯერაც მოუგებელი გუნდები – „სოხუმი“ და მარნეულის „დელტა“ შეხვდნენ. სოხუმელებმა საწყისი ტურის მატჩები დაძაბულ ბრძოლაში – „კაკტუსთან“ და „მგზავრებთან“ წააგეს, ხოლო ქვემოქართლელებმა თავისი შეხვედრები „დინამოსთან“ და „რუსთავთან“ დათმეს.
აქედან გამომდინარე, ორივე გუნდი პირველი გამარჯვებისთვის ემზადებოდა და მის მისაღწევად ბოლომდეც იბრძოლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთბზე გადაწყდა. პირველი პერიოდი სოხუმელებმა 1 ქულით – 19:18 მოიგეს. მეორე ათწუთულში მარნეულელებმა თამაში გამოასწორეს და პერიოდის 25:21 მოგებით დიდი შესვენებისთვის 3 ქულით დაწინაურდნენ.
მესამე მეოთხედში უკვე სოხუმელებმა იძალეს და ბოლო 10-წუთეულის დაწყების წინ ანგარიში გათნაბრდა – 55:55. გადამწყვეტი მეოთხედი მთლიანად ქულა-ქულაში წარიმართა. ანგარიში ხან გათანაბრდებოდა, ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხანაც – მეორე.
ბოლო წუთზე მოვლენები საინტერესოდ წარიმართა. სოხუმელები 73:71 დაწინაურდნენ და მარნეულელი ზვიად ანთაძის აცილებულის შემდეგ 2 საჯარიმოს შესრულების უფლებაც მოიპოვეს. ამერიკელმა კვან უოლერმა საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე ორივე საჯარიმო ააცილა. ბურთი „დელტას“ ამერიკელმა ლეგიონერმა, ნიკოლას ნილმა მოხსნა, მთელი მოედანი გადალახა და ის სოხუმელებმა ჯარიმით შეაჩერეს.
ნილმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. სოხუმელებს შესატევად 7.7 წამი დარჩათ. წუთშესვენებაზე დაგეგმილი შეტევა კვან უოლერმა შედეგიანი გარღვევით დააგვირგვინა, რომელმაც მარნეულელთა ფარი საფინალო სირენამდე 0.5 წამით ადრე დალაშქრა. შეხვედრაც სოხუმელთა გამარჯვებით – 75:73 დასრულდა.
„სოხუმს“ 17-17 ქულით მაქსიმ ლუცენკომ და ანატოლი ჩელოვანმა ულიდერეს. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. ორმაგი შეასრულა კვან უოლერმაც, რომელმაც შეხვედრა 12-12 ქულა-მოხსნით დაასრულა. „დელტაში“ 15 ქულით ბომბარდირი გახდა დეანდრე რეი. ნიკოლას ნილმა 14 ქულა მიითვალა.
ტურის დასკვნით მატჩში „მგზავრები“ „ოლიმპს“ დაუპირისპირდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი: ძირითადის მითამაშემ ტრავმა მიიღო, ფაქტიურად 5 მოთამაშით ვიბრძოლეთ. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.
ვიტალი ლებედინცევი, „მარნეულის“ მთავარი მწვრთნელი: მოკლედ ვიტყვი – ჩემი ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ დღეს მოედანზე, დამარცხდა მხოლოდ მწვრთნელი.