სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგის მე-6 ტურის ოთხივე შეხვედრას თბილისი მასპინძლობს.
დღეს, სპორტის ახალ სასახლეში სუპერლიგის მონაწილე რვავე გუნდის ნახვა იქნება შესაძლებელი.
პირველი წყვილი „სოხუმი“ – „ბათუმი“ გახლდათ. ამ გუნდებს შორის მხოლოდ 1 მოგება გახლდათ
სხვაობა და შესაბამისად, საინტერესო ბრძოლაც იყო მოსალოდნელი, მით უფრო, რომ სოხუმელები
უკრაინელი გამთამაშებლით – დიმიტრო ზაბირჩენკოთი გაძლიერდნენ, რომელიც უკრაინის წამყვან
კლუბებში წლების მანძილზე სტაბილურად გამოდიოდა.
სწორედ ზაბირჩენკოს მიეცა შანსი, გამხდარიყო მატჩის
გმირი, თუმც მის მიერ მატჩის საფინალო სირენის თანხლებით ნასროლი სამქულიანი მიზანს
ასცდა და „სოხუმი“, რომელმაც შეხვედრის ბოლო წუთზე უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა,
მინიმალური სხვაობით – 90:91 დამარცხდა.
თამაშის მსვლელობისას „სოხუმი“ 18 ქულასაც აგებდა, თუმცა
ნუგზარ ჭეიშვილისა და ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილ გუნდს ჰქონდა გამონათებები. ჯერ
იყო და, პირველი ტაიმის 41:58 წაგების შემდეგ სოხუმელებმა მესამე მეოთხედი 20:4 გაქცევით
დაიწყეს და ბათუმელებს 61:62 მიუახლოვდნენ, შემდეგ კი მატჩის მიწურულს სულაც წარმოუდგენელი
შტურმი მოაწყვეს.
საფინალო სირენამდე 1:40 წუთით ადრე კახა ჯინჭარაძის
მორიგი შედეგიანი შეტევის შემდეგ „ბათუმი“ 89:80 დაწინაურდა. შემდეგ გუნდებმა უშედეგო
შეტევები გაცვალეს და ფილიპ მილერმა სამქულიანით სოხუმელთა ჩამორჩნა 6 ქულამდე შეამცირა:
83:89. „ბათუმმა“ მორიგი შეტევა გააცუდა და „სოხუმმა“ რომ ბურთი მოიპოვა, დასრულებამდე
65 წამი რჩბოდა. ამ მოკლე დროში დუეინ ლათანისა და ფილიპ მილერის შედეგიანობით სოხუმელები
მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე 90:89 გალიდერდნენ.
„ბათუმმა“ სწრაფად შეუტია და ბესო ლეჟავას გარღვევა
და შედეგიანი გადაცემა წარმატებით დააგვირგვინა კრისტოფერ ფელჩერმა: 91:90 და „სოხუმს“
თამაშის გადასარჩენად 6.2 წამი დარჩა. ბურთი უეიდ ლათანმა მიიღო, შეტევის იმიტაცია
გააკეთა და ბათუმელი დამცველების ყურადღბა მიიზიდა, თუმც ბოლო მომენტში ბურთი პერიმეტრზე
მარტო დარჩენილ ზაბირჩენკოს გადააწოდა. უკრაინელმა უკანახაზელმა საქართველოს სუპერლიგაში
პირველი ბურთი საფინალო სირენის თანხლებით ისროლა, მაგრამ არაზუსტად…
ბათუმელებს 27 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. 18 ქულა
ჰქონდა კრისტოფერ ფელჩერს, ხოლო იგორ კრივცოვის ანგარიშზე 16 დაგროვდა. ორმაგი დუბლით
დაასრულა მატჩი კიდევ ერთმა უკრაინელმა, ილია შემოსიუკმა, რომელმაც 13-13 ქულა-მოხსნა
მიითვალა. სოხუმელთაგან სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა დუეინ ლათანმა – 25 ქულა,
10 მოხსნა და 8 პასი. ბომბარდირი კი ფილიპ მილერი გახდა 29 ქულით.
ბათუმელები 6 ტურის მერე 3-3 მოგებ-წაგებით ცხრილის
შუაში არიან, „სოხუმს“ კი მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და ცხრილის ფსკერზეა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი
(ბათუმის მთავარი მწვრთნელი):
„პირველი ტაიმის დამაჯერებლად მოგების შემდეგ მოვეშვით
და მეტოქეს საშუალება მივეცით, თამაშში დაბრუნებულიყო და წაგების რეალური საფრთხის
წინაშე დავეყენებინეთ. ბოლოს გადავრჩით და წაგებას გადავურჩით, რაც კარგი გაკვეთილი
უნდა იყოს ჩვენი გუნდისთვის. ვნახოთ, მომავალ მატჩებში რა იქნება. სამუშაო საკმაო გვაქვს,
რომ ასეთი შეცდომები აღარ დავუშვათ“.
ნუგზარ ჭეიშვილი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):
„17 ქულას ვაგებდით და თითქმის მგამარჯვებამდეც მივიყვანეთ თამაში, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ფორტუნა „ბათუმის“ მხარეს აღმოჩნდა. სხვა მხრივ ყველაფრით კმაყოფილი ვარ“