6 იანვარს დაგეგმილი სუპერლიგის მატჩები დასრულდა. დღის მეორე შეხვედრაში “სოხუმმა” “ქუთაისს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ღირსეული ბრძოლა გაუმართა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 65:81.
იმერული კლუბი დაკარგული ქულებით მხოლოდ “დინამოს” ჩამორჩება, “სოხუმს” კი მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი გამარჯვება აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. შესაბამისად, ფავორიტად “ქუთაისი” იყო მიჩნეული და გუნდმა გაამართლა კიდეც ეს სტატუსი, თუმცა ისე დამაჯერებლად ვერ იმარჯვა, გუნდის ხელმძღვანელობა რომ ისურვებდა.
სოხუმელებმა ცუდად დაიწყეს, 0:7 ჩამორჩნენ, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორეს და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშიც გაათანაბრეს. დიდ შესვენებაზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი მხოლოდ 2 ქულას – 35:33 იგებდა. მესამე პერიოდში სტუმრებმა კვლავ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ სოხუმელები ბოლომდე იბრძოდნენ და სადამდეც კლასი და შემართბა ეყოთ, წარმატების შანსს ინარჩუნებდნენ. ბოლო პერიოდის დასაწყისში სტუმართა ლიდერობა 5 ქულამდე შემცირდა და ბოლო წუთებამდე გუნდებს შორის სხვაობა 10 ქულას არ გადასცილებია. დასკვნით მომენტში კი ფავორიტმა საკუთარი ძალა ბოლომდე წარმოაჩინა და თავის გამარჯვებას დამაჯერებელი სახე მისცა – 81:65.
“ქუთაისში” 15 ქულითა და 6 პასით საუკეთესო იყო დეჟუან რაითი. 12 ქულა და 8 მოხსნა რიჩარდ მათიაშვილმა მიითვალა, ხოლო ჯონათან ლის ანგარიშზეც 12 ქულა დაგროვდა. შეხვედრის საუკეთესო შედეგი სოხუმელმა კვან უოლერმა დააფიქსირა 26 ქულით. სერგეი პრიმაკმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
კოტე ტუღუში, “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:
“კარგია წლის დაწყება გამარჯვებით. მიუხედავად იმისა, რომ “სოხუმი” შესუსტებული შემადგენლობით იყო და გარკვეული პრობლემების წინაშე დგას ეს გუნდი, ბოლომდე იბრძოლა. მთავარი კი ისაა, რომ გავიმარჯვეთ და ძალიან მალე მორიგი მატჩი გველის. ჩვენი მიზანია, რომ მალე გამოვიდეთ სადღესასწაულო განწყობიდან და მთელი ძალებით დავუბრუნდეთ საქმიანობას”.
მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„წინა თამაშზე ვთქვი, რომ დაცვის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა. ერთმა მოთამაშემ – ცენტრალურმა თავდამსხმელმა – დატოვა ქვეყანა და შესაბამისად გუნდი, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოვძებნოთ შემცვლელი, თორემ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.“
სოხუმი – ქუთაისი
სტატისტიკა: 65:81