სტატისტიკა
გალერეა
Video
სუპერლიგის რეგულარული
ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში განახლდა. გასამართი
2 მატჩიდან პირველში ერთმანეთს “შსს-აკადემია” და “სოხუმი” შეხვდნენ
და თამამად შეიძლება ითქვას, მაყურებელს მიმდინარე სეზონის ყველაზე დაძაბული თამაში
შესთავაზეს. მატჩის ვერც ძირითადმა და ვერც დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
შეხვედრაში ორჯერ დაინიშნა ოვერტაიმი და
50 წუთის თავზე გამარჯვებული, როგორც იქნა, გამოვლინდა. “შსს-აკადემიამ”
დრამატულ ბრძოლაში 109:102 იმარჯვა.
არჩილ ჟღენტის
გუნდისთვის აღნიშნულ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. გუშინ, “ქუთაისის”
“არმიასთან” დამარცხების შემდეგ აკადემიელებს რეგულარული ჩემპიონატის მესამე
ადგილზე დასრულების შანსი გაუჩნდათ. საამისოდ შსს-ელებს დღევანდელ მატჩში გამარჯვება
აუცილებლად სჭირდებოდათ, რაც დიდი ძალისხმევის ხარჯზე მოახერხეს.
მატჩი სოხუმელთათვის
არანაკლებ პრინციპული იყო. გამარჯვების შემთხვევაში ვაჟა კვარაცხელიას გუნდი
“შსს-აკადემიას” ცხრილში უსწრებდა და შესაბამისად, მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა.
მატჩის პირველი
მეოთხედი აკადემიელებმა 29:20 მოიგეს, თუმცა სოხუმელებმა ჩვეული ბრძოლისუნარიანობის
ხარჯზე ჩამორჩენის მეთოდურად გაბათილება დაიწყეს. მეორე პერიოდში ვაჟა კვარაცხელიას
გუნდმა სწრაფი შეტევებით მოახერხა უპირატესობის მოპოვება და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა
4 ქულამდე შეამცირა – 43:47.
მესამე პერიოდის
მე-3 წუთზე ჯერემი საიმონსის ზუსტი სროლის შემდეგ სოხუმელები დაწინაურდნენ კიდეც –
50:49. მათი ლიდერობა მცირე ხანს გაგრძელდა და მილე ილიჩის, მერაბ ბოქოლიშვილისა და
ლევან ფაცაციას ზუსტი სროლების შემდეგ შსს-ელები 57:52 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც,
მესამე მეოთხედის ბოლომდე, გუნდებს შორის თითქმის ესეთი სხვაობა იყო.
გადამწყვეტი პერიოდი
“შსს-აკადემიის” 2-ქულიანი ლიდერობით განახლდა და ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო
წუთებზე გადაწყდებოდა. თამაშის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე ვახტანგ ქადარიას ზუსტი
ორქულიანის შემდეგ სოხუმელები ერთხელაც დაწინაურდნენ (70:69), თუმცა ფაცაციამ და პერიშ
ბრაუნმა “ძალოვნებს” ლიდერობა მალევე დაუბრუნეს – 73:70 საფინალო სირენამდე
6 წუთით ადრე.
ბოლო წუთებზე
ისეთი ბრძოლა წავიდა, ბოლო წამებამდე გამარჯვებული უცნობი იყო. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა,
ხან მეორე. საფინალო სირენამდე 1:11 წუთით ადრე პერიშ ბრაუნმა 3-ქულიანი ჩააგდო და
“შსს-აკადემია” 83:81 დააწინაურა, რასაც ბექა ბექაურმა ასევე 3-იანით უპასუხა
და დასრულებამდე 48 წამით ადრე უკვე “სოხუმი” გალიდერდა – 84:83.
შსს-ელები ერთ-ერთ
ბოლო შეტევაში წავიდნენ და ფარქვეშ შეჭრილ 215-სანტიმეტრიან მილე ილიჩს შედარებით ტანმორჩილმა
საიმონსმა დაუფარა, თუმცა ბურთს ბრაუნი დაეპატრონა 2-ქულიანით აკადემიელები 85:84 დააწინაურა.
სოხუმელების შეტევა ბექა ჩიკვილაძემ ჩაჭრა, რომელმაც საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე
შსს-ელები 3 ქულით დააწინაურა. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა სოხუმელები
არ დანებდნენ და ძირითადი დროის ამოწურვამდე 5 წამით ადრე ბექაურმა ზუსტი სამქულიანით
ანგარიში გაათანაბრა 87:87. დარჩენილ 5 წამში აკადემიელებმა 2-ჯერ სროლა მოასწრეს,
თუმცა ვერ ჩააგდეს და მატჩი დამატებით დროში გადაიზარდა.
პირველ
ოვერტაიმში სოხუმელები 4 ქულით დაწინაურდნენ (91:87), თუმცა აღნიშნული ლიდერობა ვერ
შეინარჩუნეს და 5 წუთის თავზე ანგარიში კვლავ თანაბარი იყო – 97:97. მეორე ოვერტაიმის
დასაწყისში ჩიკვილაძემ და ბრაუნმა შსს-ელებს 4-ქულიანი ლიდერობა მოუპოვეს, რაც გრიგოლ
შვანგირაძემ ზუსტი სამქულიანით მინიმუმამდე შეამცირა და ეს აღმოჩნდა სოხუმელთა მაქსიმუმი.
დარჩენილ დროში “მილე ილიჩმა და პერიშ ბრაუნმა შეტევაში იხეირეს, სოხუმელებმა
არაერთი ბურთი ააცილეს და გამარჯვებულიც გამოვლინდა.
“შსს-აკადემიაში”
საუკეთესო პერიშ ბრაუნი გახდა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. ამერიკელმა
უკანახაზელმა 29 ულა, 10მოხსნა და 9 პასი მიითვალა. 17 ქულა ჰქონდა ბექა ჩიკვილაძეს,
16 – ილია ლონდარიძეს, ხოლო მილე ილიჩმა 14 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა. სოხუმელთაგან
ჯერემი საიმონსი გამოირჩა24 ქულა-16 მოხსნით, ხოლო ვახტანგ ქადარიამ 22 ქულა და 10
მოხსნა დააგროვა. ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე 22 ქულა და 7 პასი იყო, გრიგოლ შვანგირაძემ
კი სოხუმელებს 12 ქულა და 14 მოხსნა მიაშველა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას და მადლობას ვეტყვი მოწინააღმდეგეს. ყოველთვის ვამბობ,
რომ იგებენ მოთამაშეები და არა მწვრთნელი. პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა
,,სოხუმმა’’ იბრძოლა, გაგვითანაბრა და თანაბარი თამაში დაიწყო, ეს ჩემი ბრალი იყო.
ველოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა და შანსებიც ერთნაირი გვქონდა. ამ ბოლო ორ შეხვედრას
ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, დღეს გავიმარჯვეთ და მოვემზადებით ,,ბათუმის’’ წინააღმდეგ
სათამაშოდ.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
ვულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას, ძალიან კარგი და პერსპექტიული მწვრთნელი ჰყავთ,
ეს გუნდი პროგრესირებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
საინტერესო და დაძაბული თამაში შედგა და მაყურებელმაც ისიამოვნა. ჩემმა ბიჭებმა ძალიან
კარგად ითამაშეს, მადლობას ვეტყვი მათ. რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები არ არის
თავის გასამართლებელი მიზეზი და თამაშს მაინც მწვრთნელი აგებს. გავაანალიზებ ჩემს შეცდომებს
და პლეი ოფებისთვის უკეთესად მოვემზადებით.
პერიშ ბრაუნი(,,შსს აკადემია’’): საინტერესო და
კარგი შეხვედრა გამოვიდა და ვისიამოვნეთ თამაშით. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა.
,,სოხუმი’’ ძალიან კარგი გუნდია, არასდროს ნებდება. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა.
გრიგოლ შვანგირაძე(,,სოხუმი’’): მივულოცავ
,,შსს აკადემიას’’ მოგებას. თავიდან 15 ქულას ვაგებდით, მაგრამ შევძელით სხვაობის გაბათილება.
2ოვერტაიმი იმის ნიშანია, რომ ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა დღეს ჩვენ ნაკლებად
გაგვიმართლა. მინდა ჩემს გუნდს ვუთხრა მადლობა, ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ
,,სოხუმი’’ ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.