შსს-აკადემიამ რუსთავს ოვერტაიმში აჯობა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

შსს-აკადემიამ რუსთავს ოვერტაიმში აჯობა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავმა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩს
უმასპინძლა. „რუსთავისა“ და „შსს-აკადემიის“დაძაბული, დრამატული და ემოციებით აღსავსე
შეხვედრის ძირითადმა დრომ

 გამარჯვებული ვერ გამოავლინა. დამატებით დროში კი უფრო ზუსტნი
სტუმრები აღმოჩდნენ და  გამარჯვებასაც მიაღწიეს
– 96:92.

ეს გუნდები სუპერლიგის ცხრილის სათავეში I-II ადგილებს იყოფდნენ
და გამარჯვებულს ერთპიროვნული დაწინაურება ელოდა. ლიდერების შეხვედრა ისეთი
გამოდგა, ნებისმიერ ფინალსა თუ პლეი ოფის დაპირისპირებას დაამშვენებდა. მატჩის ყველაზე
საინტერესო შტრიხი რუსთაველების მიერ აღმოფხვრილი 21-ქულიანი ჩამორჩენა და მესამე მეოთხედში
18:0 მოგებული 5-წუთიანი მონაკვეთი იყო.

მწყობრი დაცვის და ზუსტი სროლების შედეგად აკადემიელები
თავიდანვე სოლიდურად დაწინაურდნენ. საწყისი 7 წუთის შემდეგ ანგარიში 25:4 იყო. რუსთაველებს
სროლები არ მისდიოდათ, რასაც შსს-ელები კარგად იყენებდნენ და სწრაფი შეტევებითა და
შორი ტყორცნებით დიდი უპირატესობის მოპოვება მოახერხეს.

მეორე პერიოდის ბოლო წამზე ცენტრმა რევაზ ათანელიშვილმა
შსს-ს სამქულიანი ჩაუგდო და რუსთაველები დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.
მესამე მეოთხიდან კი მასპინძლებმა ზონური დაცვა დააყენეს, ბყრთებსაც ზედიზედ ჭრიდნენ და შეტევებს სწრაფი გარღვევებით აგვირგვინებდნენ. 5 წუთის განვავლობაში სტუმრებმა
ბურთი ვერ ჩააგდეს, რუსთაველებმა კი 18 ქულა მიითვალეს და 45:43 დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ გაჩაღდა თანაბარი ბრძოლა და ბოლო წუთამდე
ანგარიში მეტ-ნაკლებად თანაბრად იზრდებოდა. ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით
ადრე ხმელიძის სამიანისა და ცეკვავას საჯარიმოებით მასპინძლები 75:71 დაწინაურდნენ.
გამარჯვება თითქოს ახლოს იყო, მაგრამ დეონტა ვონის სამქულიანმა შსს-ს შანსი შეუნარჩუნა.
სირენამდე 18 წამით ადრე ქვემოქართლელები 76:74 იგებდნენ და შეტევაში იყვნენ, მაგრამ
ამერიკელმა ნეით ბოუიმ ბურთი დაკარგა და მასპინძლები მერაბ ბოქოლიშვილზე დაჯარიმდნენ,
რომელმაც ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე ანგარიში საჯარიმოებით გაათანაბრა.
„რუსთავმა“ ბოლო შეტევაში ვერ იხეირა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

ოვერტაიმში სტუმრები თავიდანვე დაწინაურდნენ. ვონის
ორმა სამქულიანმა სტუმრებს კომფორტული უპირატესობა დაუბევა, რაც გიორგოს კეცელიდისის
გუნდმა ბოლომდე შეინარჩუნა. გამარჯვებულთაგან 28 ქულითა და 9 პასით დეონტა ვონი გამოირჩა,
კირკ არჩიბეკმა კი 23 მოხსნით მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა. ამერიკელმა ცენტრმა
შთამბეჭდავი დუბლი გაიფორმა – 23 ქულა და 23 მოხსნა. რუსთაველთაგან საუკეთესო ლევან
ცეკვავა გახლდათ, რომელიც 30 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 16 მოსნა და 7 პასი ჰქონდა
ნეით ბოუის, ხოლო კაილ ნელსონმა 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, სპორტის სასახლეში
გაიმართება.
გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია): დარბაზში ძალიან
კარგი ატმოსფერო სუფევდა. რუსთავში თამაში მატჩს დამატებით მუხტს სძენს და ეს ძალიან
მომწონს. რაც შეეხება შეხვედრას, შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა თამაშის ხარისხში მოვიკოჭლებდით.
ბევრი უაზრო შეცდომა დავუშვით, რაც კინაღამ მატჩის წაგებად დაგვიჯდა. ლიდერობა რომ
მოვიპოვეთ, მეტოქემ ზონური დაცვა დაგვიპირისპირა და ამის წყალობით მოახერხა დაწინაურება.
რუსთავი – შსს აკადემია 92:96 

ბათუმი -სოხუმი 77:81