სტატისტიკა
გალერეაVIDEO„შსს-აკადემია“
საქართველოს ჩემპიონია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა სუპერლიგის ფინალური
სერიის მე-4 მატჩში „დინამოს“ დამაჯერებელი სხვაობით – 76:62 სძლია და ქვეყნის ჩემპიონი
მეორედ გახდა.
შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემიის გუნდი პირველად ჩემპიონი 2013 წელს გახდა, როცა ფინალური სერია
„ოლიმპს“ 3:2 მოუგო. დღეს დასრულებული ჩემპიონატის წინ აკადემიელებმა ლეგიონერის ჩამოყვანაზე
უარი თქვეს და კოტე ტუღუშმა გუნდი ძირითადად ეროვნული ნაკრების წევრებითა და კანდიდატებით დააკომპლექტა.
შსს-აკადემიამ
რეგულარული ჩემპიონატი მცირე ჩავარდნებით განვლო და ყველაზე დიდ წინაღობას „სოხუმის“
სახით მეოთხედფინალში შეხვდა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა აკადემიელებს სერიის 2 მატჩი
მოუგო და მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში წააგო. მომდევნო – ნახევარფინალური
და ფინალური სერიები ტუღუშის გუნდმა ერთი ამოსუნთქვით განვლო: ნახევარფინალში „ბათუმს“
3:0 მოუგო, ხოლო ფინალში დინამოსთან ერთი მარცხის შემდეგ საჩემპიონო სერია დამაჯერებელი
სხვაობით – 3:1 მოიგო.
საჩემპიონო მატჩი
აკადემიელებმა დიდი უპირატესობით მოიგეს. პირველი ტაიმის შემდეგ ტუღუშის გუნდი ორმაგი
უპირატესობით – 50:25 იგებდა. განსაკუთრებით მეორე პერიოდში იყოჩაღეს აკადემიელებმა,
რომელიც 36:18 მოიგეს და მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველი ტაიმის ბოლოს გადაწყვიტეს.
მატჩის ბომბარდირი
გახდა „შსს-აკადემიის“ კაპიტანი ბექა წივწივაძე, რომლის შედეგიანი გარღვევები და ზუსტი
სროლები ტუღუშის გუნდს გაქცევაში დიდად დაეხმარა. სოლიდური შედეგიანობით გამოირჩა გიორგი
ცინცაძე, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა
შეხვედრა 15 ქულით, 13 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა. 15 ქულა დააგროვა ბექა ჩიკვილაძემაც.
დინამოელთაგან საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ლეგიონერმა, გარიკ შერმანმა დააფიქსირა,
რომელმაც 15 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა.
,,დინამოს’’ გუნდი
ვერცხლის მედლებით ვეტერანმა კალათბურთელებმა, გივი ბიჭიაშვილმა და გია სანაძემ დააჯილდოვეს.
გამარჯვებულ აკადემიელებს სპეციალურად დამზადებული
ოქროს მედლები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ და საქართველოს
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა გადასცეს.
საჩემპიონო თასი ,,შსს აკადემიის’’ კაპიტანმა, ბექა წივწივაძემ ჩაიბარა.
სუპერლიგის
2014-15 წლების სეზონი 31 მაისს დაიხურება, როცა სუპერთასისთვის ერთმანეთს კვლავ „შსს-აკადემია“
და „დინამო“ დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
დიდი მადლობა ჩემს თითოეულ მოთამაშეს, მწვრთნელებს, ჩვენი კოლექტივის თითოეულ წევრს,
რომლებმაც ძალიან რთული გზა განვლეს, სანამ დღემდე მოვიდოდით. მადლობა მათ, რომ ყველაფერს
გავუძელით და ყველაფერი გადავიტანეთ. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ,,დინამოს’’ გუნდს
და ირაკლის ღირსეული წინააღმდეგობისთვის. მიუხედავად ანგარიშისა, არც ერთი თამაში არ
ყოფილა იოლი და დაძაბულობის გარეშე არც ერთ თამაშს არ ჩაუვლია. მინდა ირაკლის და მის
გუნდს მომავალში წარმატებები ვუსურვო, სამწუხაროა, რომ ფინალურ სერიას დანაკლისებით
შეხვდნენ. წელს ,,შსს აკადემია’’ მეორედ გახდა ჩემპიონი და კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს
გუნდს ამ დიდ წარმატებას.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
მინდა მივულოცო ,,შსს აკადემიას’’ კოტეს ხელმძღვანელობით და წარმატებები ვუსურვო მათ.
არ დავიწყებ იმ პრობლემებზე და სირთულეებზე საუბარს, რომლებიც გვქონდა. არ მიყვარს
მარცხის შემდეგ მიზეზებზე საუბარი, ახლა მითუმეტეს უადგილოა ეს. მადლობა ჩემს მოთამაშეებს
ბრძოლისთვის, ფინალში გასვლისთვის, თასის მოგებისთვის. წინ სუპერთასია, შევეცდებით
დავისვენოთ ამ დღეებში და ამ შემადგენლობით ღირსეულად ვითამაშოთ და ღირსეულად დავასრულოთ
სეზონი. მადლობა სუპერლიგის ხელმძღვანელობას, წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალში,
მადლობა, ასევე, ჟურნალისტებს ყურადღებისთვის.