შედეგებიგალერეა დღეს სუპერლიგის პირველი ფინალისტი გამოვლინდა. კოტე
ტუღუშის გაწვრთნილმა „შსს-აკადემიამ“ ბათუმში ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩიც
მოუგო ადგილობრივ გუნდს და საჩემპიონო სერიაში გავიდა.
აკადემიელებს სერიის საწყისი 2 შეხვედრა თბილისში დამაჯერებლად
ჰქონდათ მოგებული და ბათუმში გამარჯვების შემთხვევაში ფინალში გადიოდნენ. მატჩის პირველი
ტაიმის შემდეგ რთული სათქმელი იყო, რომ თბილისური გუნდი გამარჯვების მოპოვებას მოახერხებდა.
„ბათუმმა“ 2 მეოთხედის შემდეგ 18-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა.
მესამე პერიოდი „შსს-აკადემიას“ სრული დომინირებით წარიმართა
და 10-წუთეულის მიწურულს სტუმრებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 61:62. ბოლო
მეოთხედის წინ „ბათუმი“ 3 ქულით იგებდა, თუმცა აკადემიელებმა მოახერხეს ბოლომდე მებრძოლი
ბათუმელების გატეხვა. აკაკი ლომოურის ორმა სამქულიანმა ტუღუშის გუნდს ლიდერობა მოუპოვა, რაც
აკადემიელებმა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს და 76:74 მოგების შემდეგ სერია სათავისოდ,
მშრალი ანგარიშით – 3:0 დაასრულეს.
შედეგიანად ითამაშა აკადემიელთა ლიდერმა გიორგი ცინცაძემ,
რომელმაც შეხვედრა 21 ქულით და 6 პასით დაასრულა. 19 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა გიორგი
შარაბიძემ, ბექა ჩიკვილაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. „ბათუმში” 28 ქულა და 9
მოხსნა დააგროვა ბიჯეი იანგმა, 15 ქულა კრის ფელჩერის ანგარიშზეა, ნიკ კელოგმა კი ორმაგი
დუბლი – 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
დღესვე რუსთავში ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრა
ჩატარდა ადგილობრივ გუნდსა და „დინამოს“ შორის. სერიის საწყისი 2 მატჩი თბილისში
გაიმართა, სადაც ერთ-ერთში რუსთაველებმა იმარჯვეს და მოედნის უპირატესობა მოიპოვეს. ეს
უპირატესობა დღეს რუსთაველებმა დაკარგეს. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა სერიის მესამე
შეხვედრა შინ 70:78 წააგო.
რუსთაველებმა შედეგიანი პირველი ტაიმი ჩაატარეს, რომლის
შემდეგაც 7 ქულით იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა მესამე პერიოდში მეტოქის თამაშს ალღო აუღეს,
შესაბამისი ტაქტიკა დაუპირისპირეს და შედეგიც მოიმკეს. მესამე ათწუთეული დინამოელებმა
27:14 მოიგეს და დარჩენილ დროში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა აღარ დაუკარგავთ.
გამარჯვებულებს 24 ქულით და 10 მოხსნით გარი შერმანმა
ულიდერა, 13 ქულა მიითვალა გიორგი გამყრელიძემ, ილია ლონდარიძემ კი თავი 10-10 ქულა-მოხსნას
მოუყარა. „რუსთავში“ 17 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი იყო, 13 ქულა
ჰაიდენ ჰამსის ანგარიშზე, მეორე ამერიკელმა, ტერენს ოგლზბიმ კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.
რუსთავი – დინამო 70:78
მატჩისშემდგომი
კომენტარები
მიხეილ ბერუაშვილი,
„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
„ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით მეორე ნახევარში და
ის უპირატესობა, რაც თავიდან მოვიპოვეთ, ქარს გავატანეთ. დღევანდელი მატჩიდან დასკვნებს
გამოვიტანთ და ვეცდებით, ხვალინდელ შეხვედრაში ნაკლები შეცდომები დავუშვათ“.
ირაკლი ხოშტარია,
„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:
„დიდი მადლობა ჩემი გუნდის მოთამაშეებს, რომლებმაც ის
დავალება, რაც პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე მივეცი, ზედმიწევნით შეასრულეს.
მესამე პერიოდში მინიმუმამდე დავიყვანეთ შეცდომები და შეტევაში შედეგიანი თამაშით დამაჯერებლად
დავწინაურდით. იმედი მაქვს, ხვალამდე მოვასწრებთ ამ რთული თამაშის შემდეგ დასვენებას
და ვეცდებით, მეოთხე მატჩშიც წარმატებას მივაღწიოთ“.
ბათუმი – შსს აკადემია 74:76
კოტე ტუღუში
(შსს აკადემიას მთავარი მწვრთნელი): უმძიმესი თამაში
იყო, ბათუმის გუნდი და მისი გულშემატკივარი
სულ სხვა შემართებით დაგვხდა. პირველივე წუთებიდან
მეტოქეს ყველაფერი გამოსდიოდა და საკმაოდ დიდი სხვაობითაც ვაგებდით, თუმცა შეხვედრის
მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. გამოვავლინეთ ჩვენი ხასიათი,
მოვახდინეთ მობილიზება და ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ. მივულოცავ ბიჭებს და ჩვენს
გულშემატკივარებს, რომლებიც დღეს თამაშზე მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს.
დავით უსტიაშვილი
(ბათუმის მთავარი მწვრთნელი): ძალიან კარგად დავიწყეთ მატჩი, თუმცა
შემდეგ ჩვენს გუნდს დაღლა დაეტყო. ბოლომდე ვიბრძოდით, მოგების კარგი შანსიც მოგვეცა
ბოლოს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ჩემს
ბიჭებს მადლობას გადავუხდი, ზედიზედ ამდენი მატჩი ითამაშეს და ძალიან გადაიღალნენ.
წინ მე-3 ადილისთვის გველოდება თამაში და მაქსიმალურად მოვემზადებით. მივულოცავ შსს აკადემიას დამსახურებულ გამარჯვებას
და ფინალში წარმატებებს ვუსურვებ.
ფოტო: ს/კ შსს აკადემიას პრეს-სამსახური