სეზონის პირველი აქცია სუპერლიგამ ”ბეკოსთან” ერთად განახორციელა

სეზონის პირველი აქცია სუპერლიგამ ”ბეკოსთან” ერთად განახორციელა

  დღეს საკალათბურთო სეზონის პირველი ღონისძიება გაიმართა.

 საქართველოს კალათბურთის ფედერაციის, სუპერლიგისა და კომპანია ”ბეკოს” ორგანიზებით თბილისის სპორტის სასახლეში  მასშტაბური ღონისძიებას ჩატარდა. ეროვნული ჩემპიონატის წამყვანი მოთამაშეები 16-წლამდელთა ჩემპიონატის 100-ზე მეტ მონაწილეს ღია ვარჯიში ჩაუტარეს და თითოეულს ფიბა-ს ლიცენზირებული ბურთები გადასცეს.
”ბეკო” სლოვენიაში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის გენერალური სპონსორია და სწორედ ამ კომპანიამ ჩამოიტანა საქართველოში საკალათბურთო ბურთები, რომლებიც დღეს 100-ზე მეტ ბავშვს დაურიგდა. სპორტის სასახლეში ჩატარებული მასტერკლასი ”დინამოს” უკანახაზელმა ბესო ლეჟავამ და ”შსს აკადემიას” წევრმა რეზო როგავამ ჩაატარეს.

სანამ ღონისძიების უშუალოდ სპორტული მხარე დაიწყებოდა, სასახლეში შეკრებილ 100-ზე მეტ მოზარდს სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ და ”ბეკოს” მარკეტინგის მენეჯერმა ირინა გრძელიძემ სიტყვით მიმართეს, რის შემდეგაც ყველა მონაწილეს ბურთები დაურიგდა. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრმა, ბესო ლეჟავამ და კანდიდატმა, რეგო როგავამ ახალგაზრდებს ტრენინგი ჩაუტარეს. კალათბურთელები ბავშვებს ჯერ მათთვის საინტერესო თემებზე გაესაუბრნენ, რის შემდეგაც მცირე საკალათბურთო ვარჯიში ჩაუტარეს.
ახალგაზრდა კალათბურთელები ინტერესით ესაუბრნენ ნაკრების წევრებს და მათ საკმაოდ ბევრი შეკითხვა დაუსვეს. ჩატარებული ვარჯიშების შემდეგ ყველამ ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, მოზარდებმა კი ახალნაჩუქარ ბურთებზე ნაკრების წევრებს ავტოგრაფები დაატოვებინეს.

 
გიორგი ზაბახიძე (სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი): საკალათბურთო სეზონი 5 ოქტომბერს, დუდუ დადიანის მემორიალით იწყება, მანამდე  კი კომპანია ,,ბეკოსთან” გავმართეთ აქცია, სადაც საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე ბავშვებისთვის დარიგდა ბურთები, რომლებიც ფიბა-ს სამახსოვრო საჩუქარია. დიდი მადლობა კომპანია ,,ბეკოს” თანამშრომლობისთვის და ვიმდოვნებ ეს ურთიერთობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. სუპერლიგის ხელმძღვანელობა კმაყოფილია კომპანია ”ბეკოსთან” ერთად ჩატარებული ერთობლივი აქციით და მზადაა, ნებისმიერი სახის ღონისძიება, რომელიც კალათბურთის განვითარებას და პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს, პოტენციურ პარტნიორებთან ერთად მომავალშიც განახორციელოს.
ირინა გრძელიძე (კომპანია ,,ბეკოს” მარკეტინგის მენეჯერი): მოხარული ვარ, რომ ერთობლივად გავმართეთ აქცია და  100-ზე მეტი ბავშვისთვის  ბურთები დავარიგეთ. იმედია ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება, რადგან კალათბურთი ძალიან წარმატებული სპორტის სახეობაა და ჩვენი კომპანია სამომავლოდ მარკეტინგში აქცენტს სწორედ კალათბურთზე გააკეთებს.
ბესიკ ლეჟავა: ძალიან კარგი შეხვედრა შედგა. პატარა კალათბურთელების მიმართ საჭიროა ყურადღების გამოჩენა და მათთვის ხელის შეწყობა. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება და ნიჭიერ მოთამაშეებს  ჩემი გამოცდილება გავუზიარე.
რევაზ როგავა: სასიხარულოა, რომ ძალიან ბევრი ბავშვია კალათბურთით დაკავებული და სპორტის ამ სახეობის მიმართ ასეთი დიდი ინტერესია. ბავშვებს ბევრი კითხვა ჰქონდათ კალათბურთთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ეროვნული ნაკრების მიმართ. ისინი სხვადასხვა დეტალებით, მათ შორის მოთამაშეების საყვარელი მოძრაობებითაც კი დაინტერესდნენ.  ძალიან კარგია, რომ კომპანია ,,ბეკო” ქართულ კალათბურთში აქტიურად ჩაერთო.