საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ოქროს პერგამენტი 2014“-ის მფლობელია. ახალი ამბების სააგენტო GHN-მა წლის გამორჩეული ადამიანების, კომპანიებისა და პროექტების ტრადიციული დაჯილდოვება მოაწყო, რომელსაც სამორინე „შანგრილამ“ უმასპინძლა.
სააგენო GHN 2006 წლიდან ატარებს გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც წლის ლაურიატები სახელდებიან. ამჯერად 2360 რესპოდენტი გამოიკითხა, მთლიანობაში კი 12 ლაურეატი გამოვლინდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის საუკეთესო სპორტული გუნდის ნომინაციაში გაიმარჯვა.
გალა-დაჯილდოვებაზე საქართველოს ნაკრებს მისი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გიორგი ცინცაძე, ეროვნული გუნდის გენერალური მენეჯერი პაატა ლობჟანიძე და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსი ალეკო პეტრიაშვილი წარმოადგენდნენ.
ლაურეატთათვის დაწესებული საგანგებო პრიზი გიორგი ცინცაძემ ჩაიბარა, რომელმაც ნაკრების წევრთა სახელით მადლობა გადაუხადა როგორც „ოქროს პერგამენტის“ ორგანიზატორებს, ასევე გამოკითხვაში მონაწილე რესპოდენტებს.
„ოქროს პერგამენტი 2014“-ის ლაურეატები
უცხოური კომპანია – კარფური
საუკეთესო ბრენდი – სმარტი
საუკეთესო კომპანია – საქართველოს ბანკი
წლის საუკეთესო გუნდი – საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები
საუკეთესო რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი
საუკეთესო პროექტი – სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“
წლის ბიზნესმენი – სოსო ფხაკაძე
წლის უფლებადამცველი – ლია მუხაშავრია
საპატიო ლაურეატი – სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“
საუკეთესო ჟურნალისტი – ინგა გრიგოლია, გიორგი გაბუნია
წლის პოლიტიკოსი – დავით უსუფაშვილი
წლის ადამიანი – უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილი