საქართველოს ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ეროვნული გუნდის მოსამზადებელ გეგმაზე მუშაობა დაასრულა. საკმაოდ ნაყოფიერი, 10 მატჩისგან შემდგარი მოსამზადებელი ეტაპი 10 ივლისს თბილისში იწყება, სლოვენიაში გრძელდება, რასაც თბილისის, პოლონური ვლოცლავეკისა და ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირები მოჰყვება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ქართველები მთლიანობაში 10 სპარინგ-მატჩს გამართავენ, საიდანაც ორჯერ რუსეთს და ორჯერ რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

პოლონეთში 24-25 აგვისტოს დაგეგმილ ტურნირზე ქართველები 2 მატჩს გამართავენ. ტურნირის ფორმატის თანახმად, ნახევარფინალების შემდეგ ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში, ანუ ნახევარფინალში მასპინძელ პოლონეთს შეხვდება, შემდეგ კი ან ფინალს, ან მესამე ადგილისთვის მატჩს ითამაშებს შვედეთთან ან ბელგიასთან.
თბილისის მერიის საერთაშორისო, ტრადიციულ ტურნირზე 2 ახალი მონაწილე იასპარეზებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენს ქვეყანას პირველად ეწვევა რუსეთის ეროვნული ნაკრები. ჩრდილოელი მეზობლების ეროვნულ გუნდს საქართველო თბილისის მერიის თასამდე, 6 აგვისტოს, მოსკოვში დაუპირისპირდება, სადაც დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე ამ ნაკრებებთან ერთად ბელარუსიც იასპარეზებს.
თბილისში, მერიის თასზე სათამაშოდ ჩამოვა ჰოლანდიაც, რომელიც საქართველოს არაერთხელ შეხვედრია როგორც სპარინგ-მატჩებში, ისე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და ფინალურ სტადიებზე.
საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი სპარინგ-მატჩები ელის 18-19 აგვისტოს ბუქარესტში რუმინეთთან, რომელიც ისრაელთან, თურქეთთან და ფინეთთან ერთად 2017 წლის ევრობასკეტის თანამასპინძელია. ზუროსის გუნდი პირველ საკონტროლო მატჩს სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში გამართავს, სადაც იდეალური პირობების მქონე სპორტკომპლექს “ტერმე ოლიმპიაში” 17 ივლისიდან 3 აგვისტომდე  მოემზადება და 2 აგვისტოს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ტურნირი 31 აგვისტოს თბილისში, ალბანეთთან მატჩით დაიწყება. საკვალიფიკაციო ჯგუფის 4 მონაწილიდან ფინალურ ეტაპზე პირდაპირი გზით პირველ ადგილზე გასული ნაკრები მოხვდება, ხოლო 7 მეორეადგილოსნიდან ევრობასკეტის საგზურს 4 საუკეთესო მოიპოვებს.