საქართველოს 3X3 კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასი 2 მარცხით დაიწყო

საქართველოს 3X3 კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასი 2 მარცხით დაიწყო

წარუმატებლად დაიწყო საქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა ჩინეთში, მსოფლიოს თასზე ასპარეზობა. ჩვენმა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ვახტანგ გაფრინდაშვილი, ოთარ პერტაია, ზურაბ ჟღენტი და ლადო ალავიძე იცავენ, ჯგუფური ეტაპის დღეს გამართული ორივე შეხვედრა დათმო.
ქართველებმა დასანანად, ოვერტაიმში წააგეს პირველი მატჩი ახალ ზელანდიასთან. საქართველოს ნაკრებმა თამაში უშედეგოდ დაიწყო და დებიუტში 0:6 ჩამორჩა, თუმცა შემდეგ მობილიზება შეძლო და ვითარება გამოასწორა. ქართველები ფეხდაფეხ მისდევდნენ ზელანდიელებს და ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – 20:20.

მცირე შესვენების შემდეგ შეხვედრა ოვერტაიმში გაგრძელდა, სადაც მოწოდების სიმაღლეზე ოკეანეთის წარმომადგენლები იდგნენ. ზელანდიელებმა თითო ქულა მოიპოვეს და შეხვედრაში 22:20 იმარჯვეს.
მეორე მატჩში ქართველებმა წინააღმდეგობა კი გაუწიეს ბაჰრეინის ნაკრებს, თუმცა შეხვედრის ბოლოს აზიელები სოლიდურად დაწინაურდნენ – 16:10 და უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ. საბოლოოდ საქართველო 13:17 დამარცხდა და პირველი სათამაშო დღის შემდეგ ჯგუფის აუტსაიდერად იქცა.
ხვალ, 30 ივნისს, საქართველოს ნაკრების ჯგუფი დაისვენებს და 1 ივლისს დარჩენილი შეხვედრები გაიმართება.
1 ივლისი
ყატარი – საქართველო                     11:35
საქართველო – უკრაინა                   12:45
(მითითებულია თბილისის დრო)