საქართველოს 3X3 კალათბურთლთა ეროვნულმა ნაკრებმა ანდორაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზა და ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. ჩვენი გუნდის ღირსებას ევროპირველობის საკვალიფიკაციოში იცავდნენ სუპერლიგის მოთამაშეები – ვახტანგ ქადარია, ირაკლი ჩლაიძე, გივი ბაქრაძე და ზუკა მაჩალაძე.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ძალიან ძლიერი მეტოქეები შეხვდა ესპანეთისა და სლოვენიის სახით. მთლიანობაში ანდორაში 12-მა ნაკრებმა მოიყარა თავი, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდა. შესაბამისად, 3-გუნდიანი ჯგუფებიდან მეოთხედფინალში 2-2 საუკეთესო გადიოდა.
12-დან უნდა შერჩეულიყო 6 საუკეთესო ნაკრები, რომლებიც 7-9 ივლისს, ჰოლანდიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურებს მოიპოვებდნენ. სამწუხაროდ, მათ შორის ვერ მოხვდა საქართველოს ნაკრები, რომელმაც სლოვენიასთან პირველი შეხვედრა 14:21 დათმო, ხოლო ესპანეთთან 8:21 დამარცხდა.
ამით, ჩვენმა გუნდმა დაასრულა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა. ჯგუფებიდან გასული 8 გუნდი კი მეოთხედფინალში დაწყვილდა და ამ მატჩებში გამარჯვებულებმა – ესპანეთმა, რუსეთმა, უკრაინამ და ლატვიამ ფინალური ეტაპის საგზურები მოიპოვეს. მეოთხედფინალში წაგებული გუნდები კი ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი 2 საგზურისთვის შეერკინნენ. ჩეხეთმა ანდორას მოუგო, ხოლო სლოვენიამ – გერმანიას და ორივე მათგან ფინალურ ეტაპზე გავიდა.