თბილისში პატივსაცემი სტუმრები იმყოფებიან. საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის ხელმძღვანელობა საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდა, რათა დაესწროს აღნიშნული ლიგის თბილისურ ტურს, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ღირსებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იცავს.
თბილისში ჩამოსული არიან ხარკოვის, კალინინგრადისა და მოსკოვის უნივერსიტეტების გუნდები. გათამაშების ფორმატის თანახმად, თბილისური ტურის 2 საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალში გავა. ოთხთა ფინალში უკვე გასულები არიან უნგრული დებრეცენისა და ესტონური ტარტუს საუნივერსიტეტო გუნდები.
საერთაშორისო სტუდენტური ლიგის პირველ ტურს დებრეცენმა 7-9 მარტს უმასპინძლა, რომელშიც რუსული გუნდები განზე დარჩნენ, ოთხთა ფინალის საგზურები კი, როგორც ზემოთ ვთქვით, დებრეცენისა და ტარტუს უნივერსიტეტებმა მოიპოვეს. მოსკოვში 23-24 აპრილს გასამართი ოთხთა ფინალის დარჩენილი 2 საგზური სწორედ თბილისში გათამაშდება.
დღეს, სპორტკოპლექს არენაში თბილისური ტურის 2 მატჩი გაიმართა. მოსკოვის ფიზკულტურის აკადემიის გუნდმა ხარკოვის უნივერსიტეტი 88:51 გაანადგურა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა კი კალინინგრადის ემანუელ კანტის სახელობის უნივერსიტეტი 90:78 დაამარცხა.
შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. კალინინგრადელებმა პირველი მეოთხედი მოუგეს და მთელი თამაშის მანძილზე ეურჩებოდნენ სტუ-ს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ქართველების სასარგებლოდ დასრულდა. სტუ-მ პირველი გამარჯვება მოიპოვა და დარჩენილი 2 მატჩიდან ერთი მოგების მოპოვება მართებს, ოთხთა ფინალის საგზური რომ მოიპოვოს.
სტუ 90:78 კალინინგრადი
19:25, 21:15, 20:19, 30:19
სტუ: რეზო როგავა (21), ირაკლი ჩლაიძე (2), ზურა მაჩალაძე (6 ქულა, 9 მოხსნა), ზურა მაისურაძე (4), ნიკა ღურწკაია (3), ირაკლი ბეშქენაძე, აკაკი ლომოური (17), ნოდარ გოგოძე (7), დავით დეკანოიძე, გიორგი ჯგერენაია (16 ქულა, 12 მოხსნა), ბექა ბექაური (14 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი)
სრული სტატისტიკა: 90:78