რუსთავში გამარჯვებით ტიტებმა ოთხმატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა

რუსთავში გამარჯვებით ტიტებმა ოთხმატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა

მიმდინარე სუპერლიგის ყველაზე არასტაბილური გუნდი “რუსთავია”. ქვემოქართლელებს მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ 2 მატჩი არც მოუგიათ და არც წაუგიათ. სუპერლიგა წაგებით რომ დაიწყეს, მას შემდეგ, 9 თამაშია, რუსთაველები წაგებას და მოგებას ერთმანეთს უნაცვლებენ. წინა ტურში ქვემოქართლელებმა ოლიმპი იოლად დაამარცხეს და იმედი ჰქონდათ, დღევანდელ მეტოქე ტიტებთან, რომელსაც ბოლო 4 მატჩი წაგებული ჰქონდა, ზედიზედ მეორე გამარჯვებას იზეიმებდნენ. არ გამოვიდა. უკვე მერამდენედ, მოგებას წაგება შეენაცვლა. ლაშა-გიორგი გამყრელიძის გაწვრთნილმა ტიტებმა ნავსი გატეხა და 4 წაგების შემდეგ, გამარჯვების გემო  რუსთავში გაიხსენა.

თბილისური გუნდის მოგება იყო დამსახურებული და გაუსაჩივრებელი. ტიტების ყველა კალათბურთელმა, რომელიც მოედანზე გავიდა, კარგად ითამაშა და ბოლომდე  დაიხარჯა. იყვნენ გამორჩეულებიც: მაგალითად ტიტების ახალწვეული კორი სპენსი, რომელმაც პირველ პერიოდში 17 ქულა ჩააგდო და თბილისურ გუნდს ის მძლავრი ბიძგი მისცა, რომლითაც ტიტებმა თამაშის ბოლომდე დაუბრკოლებლად იარეს. 

სპენსისგან ესტაფეტა ნიკა მეტრეველმა და ტრისტან უოლემ გადაიბარეს, რომლებმაც რუსთაველთა ფარქვეშეთი დაიპყრეს. სამწამიანიდან გაძევებული რუსთაველთა სერბი ცენტრი ნიკოლა ტადიჩი პერიმეტრიდან ისროდა, თუმცა ისევე არაზუსტად, როგორც მის თანაგუნდელთა უმეტესობა და პირველი პერიოდის 23:13 მოგების შემდეგ, ტიტებმა მე-19 წუთისთვის 19-ქულიან ლიდერობას მიაღწია – 42:23.

მეორე ტაიმი ტიტებმა 16-ქულიანი ლიდერობით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ოთო ფხაკაძისა და დენზელ ლივინგსტონის სამქულიანებით მასპინძლებმა ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს, მესამე პერიოდის მიწურულს რიჩარდ მათიაშვილისა და ნიკა მეტრეველის ტანდემის  შედეგიანმა თამაშმა თბილისელებს სოლიდური ლიდერობა დაუბრუნა. ტიტები ბოლო შესვენებაზე 18-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ, რაც ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა. 

ბოლო პერიოდში აკაკი დვალიშვილის დაცვასა და შეტევაში აქტიურობამ, ასევე აკაკი ლომოურის სამქულიანებმა რუსთაველებს ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირებინა (61:68), თუმცა კვლავ ამოქმედდა თბილისელთა ტანმორჩილი გამთამაშებელი – კორი სპენსი, რომელმაც ბურთი უბადლოდ გაათამაშა, რითაც დროც გაიყვანა და თან ქულების მოპოვების შესაძლებლობა თუ თანაგუნდელთა პასებით მომარაგების შანსს ხელიდან არ უშვებდა.

ტიტები დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე – 71:66, რითაც 4-მატჩიანი, დანავსული სერია გატეხა. გამარჯვებულებს 22 ქულითა და 8 მოხსნით სპენსმა ულიდერა. 13 ქულითა და 13 მოხსნით გამოირჩა ტრისტინ უოლე. ნიკა მეტრეველმაც ორმაგი დუბლი (12 ქულა, 10 მოხსნა) მიითვალა, ხოლო გუნდის კაპიტანმა ბესიკ ლეჟავამ შეხვედრა 8 ქულით დაასრულა. რუსთაველებში 16 ქულით ბომბარდირი ოთარ ფხაკაძე გახდა. დენზელ ლივინგსტონის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა.

მატჩს ესწრებოდა ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელიც საქართველოში ნაკრების წევრებისა და კანდიდატების დასაკვირვებლად, სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

სუპერლიგის მე-10 ტურის მორიგი ორი შეხვედრა შაბათს, 14 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: ვერა – ცხუმ-აფხაზეთი 16:00, თსუ – დინამო 18:00.

 

რუსთავი – ტიტები 
სტატისტიკა: 66:71

 

მირიან ჩხეიძის ფოტოები