დღეს რეგიონებში ჩატარებული 2 მატჩით განახლდა საკალათბურთო სუპერლიგა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო, რის შემდეგაც 8 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გადაინაცვლებს, თუმცა კალათბურთის ქომაგებს მანამდე დიდი ბრძოლები ელის. სუპერლიგის გუნდების უმეტესობა ტოლძალოვანია და ურთულესია იმის განჭვრეტა, ვინ პლეი ოფში გავა და ვინ ნახევარფინალამდე მივა. ამას დრო გვაჩვენებს, ჩვენ კი მივყვეთ მიმდინარე სუპერლიგის მატჩებს.
რეგიონებში გამართული 2 მატჩიდან ერთი დაძაბული გამოდგა, მეორე კი – ნაკლებად. მართალია, “ტიტებმა” რუსთავში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ თამაში კარგად დაიწყო, თუმცა მასპინძლების მყისიერი პასუხითა და სწრაფი, შედეგიანი გარჯის წყალობით შეხვედრამ ბრძოლის ნიშნები ნელ-ნელა დაკარგა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა ჩამორჩენა გააბათილეს, დაწინაურდნენ და პირველი პერიოდი ხელჩასაჭიდი უპირატესობით დაასრულეს – 25:14.
მეორე პერიოდში ვითარება არ შეცვლილა. რევაზ როგავასა და ლუკა ბულაშვილის ლიდერობით ქვემოქართლელებმა ათწუთეული 26:13 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 24 ქულამდე გაზარდეს. მესამე პერიოდში მასპინძელთა უპირატესობამ 29 ქულას მიაღწია, რაც ფაქტობრივად რუსთაველთა გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა ტიტების მთავარი მწვრთნელი, ბესო ლეჟავა წაგებას არ ეგუებოდა და წუთშესვენებებითა და სხვადასხვა გადაადგილებებით ცდილობდა თამაშის შემობრუნებას.
რუსთაველთა გუნდში უკანახაზელებთან ერთად შუა და წინახაზელებიც შედეგიანად, გააზრებულად ირჯებოდნენ, რითაც ტიტებს იმედის შანსს უსპობდნენ. რამდენჯერმე ანგარიშში სხვაობა 15 ქულამდე შემცირდა, რაც მასპინძელთა წუთშესვენების აღების მიზეზი გახდა. საბოლოოდ შეხვედრა ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. რუსთავმა 90:71 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და მოგებ-წაგებათა ბალანსი ფავორიტი გუნდის შესაფერისი გაუხდა: შვიდი ოთხთთან.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ლუკა ბულაშვილმა დააფიქსირა – 27 ქულა და 4 პასი 28 წუთში. 16 ქულა, 9 პასი და 5 მოხსნა რევაზ როგავამ მოაგროვა. ეივერი დიქსის ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. ტიტებში 17 ქულა გიორგი გოგუამ მიითვალა, რომელმაც 5 ცდიდან 4 სამიანი ჩააგდო. 16 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა ტიტების ახალწვეულ დარიუს ბელის ანგარიშზე. ტიტების მეორე დებიუტანტმა, ბათუმიდან გადასულმა სანდრო სანაძემ 14 ქულა მიითვალა.
რაც შეეხება ბათუმში გამართულ შეხვედრას, ნომინალური მასპინძელი ქუთაისი იყო, რადგან ამ გუნდებმა პირველი წრის მატჩი ბათუმში გამართეს და ახლა ქუთაისის ჯერი იყო, თუმცა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლის ტექნიკური გაუმართაობის გამო შეხვედრა ზღვისპირეთში გადავიდა.
დაძაბულ, თანაბარ მატჩში ბათუმელებმა ლიდერის, კაილი რიდლის გარეშე ითამაშეს, თუმცა მაინც იმარჯვეს – 75:71 (სტატისტიკა). ეს უპირველესად გუნდური სულისკვეთების გამოა, რაც ბათუმელებს რომ არ აკლიათ, ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა. სუპერლიგის მეორე წრის საწყისი ტურის დარჩენილი 3 მატჩი შაბთს, 28 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.