სუპერლიგის ჩემპიონს სუპერფინალური მატჩი გამოავლენს. რუსთავისა და თსუ-ის დაპირისპირებაში 4 მატჩის თავზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ორივე გუნდმა 2-2 მატჩი მოიგო, ფინალური სერია თანაბარია და გადამწყვეტ შეხვედრაში გუნდები ერთმანეთს საჩემპიონოდ შეერკინებიან. სუპერფინალური დაპირისპირება 28 მაისს, რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში, 19:30 საათზე გაიმართება.
ფინალური სერიის მე-4 მატჩი, რომლის მოგებაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ჩემპიონობას უნაღდებდა, თბილისი არენაზე გაიმართა. შეხვედრაში ანგარიში რუსთაველებმა გახსნეს, რის შემდეგაც მატჩს მხოლოდ ერთი ლიდერი ჰყავდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა ნომინალური მასპინძელი თსუ 29 ქულის სხვაობით – (106:77 სტატისტიკა) დაამარცხეს და მოედნის უპირატესობა დაიბრუნეს.
მოგებაცაა და მოგებაც – ქვემოქართლურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში თასის გათამაშების გამარჯვებულსა და საჩემპიონოდ შემართულ თსუ-ს ისე მოუგო, შანსი არ დაუტოვა. არადა, რუსთავი ისევ ტრავმირებული გუგა პატაშურის გარეშე თამაშობდა, წაგების შემთხვევაში ტიტულის მოგების შანსს კარგავდა და ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური წნეხის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. პირიქით კი მოხდა, რუსთავის კალათბურთელები ძალიან მოტივირებულები და მოსაგებად შემართულნი იყვნენ. განსაკუთრებით ტრეი კროფტი, რომელმაც მიმდინარე სეზონის სარეკორდოდ ბევრი ქულა მიითვალა, ხოლო პლეი ოფის ჭრილში სულაც მინიმუმ ბოლო 15 წლის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
რაც საქართველოში სტატისტიკის კომპიუტერიზებული აღრიცხვა წარმოებს, ანუ 2008 წლიდან, პლეი ოფში 45 ქულა არავის ჩაუგდია. აქამდე პლეი ოფში ყველაზე მეტი, 43 ქულა კანადელმა ჯუნიორ ქედუგინმა მოაგროვა, რომელიც 2013-2014 წლების სეზონში ბათუმში თამაშობდა. მანამდე რა შედეგები დაფიქსირდა, ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა მხოლოდ ბოლო 15 წლის კვალობაზეც კროფტის შედეგი ურიგო ნამდვილად არ გახლავთ. რუსთავის ამერიკელი უკანახაზელი, რომლის თამაშიც წინა მატჩში მიღებული ტრავმის გამო სათუო იყო. თსუ-ელთათვის შეუჩერებელი აღმოჩნდა. კროფტმა პირველ ნახევარში 28 ქულა ჩააგდო, ის ყველა პოზიციიდან იხვეჭდა ქულებს და მეურვეებს თავბრუს ახვევდა. ტრეიმ 10-დან 8 სამქულიანი ჩააგდო, თუმცა მხოლოდ შორი სროლები როდი შედიოდა მის არსენალში.
პირველი ნახევარი რუსთაველთა 15-ქულიანი უპირატესობით – 50:35 დასრულდა. თსუ-ელებმა კარგად დაინახეს, თუ ვისგან მოდიოდა საფრთხე და დიდი შესვენების შემდეგ ტრეი კროფტს მეურვეობა დაუწესეს, მაგრამ ამან არ გაჭრა. ამერიკელი მაინც აგდებდა (უფრო უხერხული სიტუაციებიდან) და თან ქვემოქართლელთა გუნდის სხვა წევრებიც ათამაშდნენ. ლიდერობამ მალე 20 ქულას მიაღწია, მაგრამ რუსთავი არ შეჩერდა, კიდევ და კიდევ უმატებდა ტემს და ბოლო პერიოდს 19-ქულიანი უპირატესობით შეხვდა.
მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, აქ გაირკვა. მართალია, თსუ-ს მიმდინარე პლეი ოფში ბოლო პერიოდში 20-ქულიანი ჩამორჩენა უკვე გაბათილებული ჰქონდა (კაკტუსთან), თუმცა ეს დღე არ იყო უნივერსიტეტელების. რუსთავი ბოლომდე ებრძოლა თსუ-ს და დამსახურებულ, დიდსხვაობიან გამარჯვებამდე მივიდა. კროფტმა საბოლოოდ მოგროვებულ 45 ქულას 8 მოხსნა და 6 პასიც მოაყოლა და სარგებლიანობის უმაღლესი შედეგი (49) დააფიქსირა. 21 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. ეივერი დიგსმა რუსთაველებს 12 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. თსუ-ის შემადგენლობაში 30 ქულით ბომბარდირი გახდა ჯიმონ ჰენსონი. ბექა ბექაურის ანგარიშზე 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩამდე 2 დღეა, რასაც გუნდები საჩემპიონო შერკინებისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოიყენებენ.