სუპერლიგის მე-13 ტური დღეს რუსთავში დაიწყო, სადაც ბოლო ადგილზე მყოფ ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ ერთ-ერთი ლიდერი “დინამო თბილისი” ჩავიდა. ბევრისთვის მოულოდნელად, რუსთაველებმა მეტოქეს აჯობეს და მიმდინარე სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება მოიპოვეს, რითაც უმაღლეს ლიგაში დარჩენის თითქმის დაკარგული შანსი გაიცოცხლეს.
ბერძენმა სპეციალისტმა, გიორგიოს კეცელიდისმა “რუსთავის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა. საამისოდ მას 7 მატჩი დასჭირდა – 2 თასის გათამაშებაში და 5-იც სუპერლიგაში. დღევანდელ მატჩში რუსთაველებმა ნამდვილი მებრძოლი სულისკვეთება გამოავლინეს და მთელი თამაშის განმავლობაში მოლიდერეებმა არც მაშინ დაკარგეს კონცენტრაცია, როცა ჯორდან სვოპშირმა ბოლო პერიოდში ჩაგდებული 4 სამქულიანის წყალობით რუსთაველთა ლიდერობა მინიმუმამდე შეამცირა.
შეხვედრის დასკვნით წუთნახევარში “რუსთავს” ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუხდა, რადგან იმ 17-ქულიანი უპირატესობიდან, რომელსაც მე-3 პერიოდში ფლობდა, მხოლოდ ქულა დარჩა. კენდარიუს ჰამილტონმა შედეგიანი გარღვევით 63:60 დააწინაურა “რუსთავი”, თუმცა დემაგოი ბუბალომ დინამოელთა ჩამორჩენა ისევ ქულამდე შეამცირა.
ბოლო წუთიც დაიწყო და რუსთაველებმა შეტევა წარმატებით დააგვირგვინეს. ლევან გოგალაძემ ჰაერივით საჭირო გარღვევა მიითვალა და მასპინძლები 65:62 დააწინაურა. დინამოელთა სნაიპერმა, ჯორდან სვოპშირმა, რომელმაც ბოლო პერიოდში 4-დან 4 სამიანი ჩააგდო, ბოლომდე გმირობა ისურვა და გაუმართლებელი პოზიციიდან სამქულიანი უხეიროდ ესროლა. საპასუხო შეტევაში ისევ ლევან გოგალაძე გამოირჩა, რომელიც დინამოელებმა ჯარიმით გააჩერეს, მაგრამ ამაოდ – ლევანმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და “რუსთავს” გამარჯვება გაუნაღდა – 67:62.
რუსთაველთაგან 24 ქულით და 11 მოხსნით ეგვიპტელი ლეგიონერი, აჰმედ მოავადი გამოირჩა. 21 ქულა ჰქონდა კენდარიუს ჰამილტონს, ლევან გოგალაძის ანგარიშზე კი 10 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. “დინამოში” 15 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ხორვატი დემაგოი ბუბალო. ჯორდან სვოპშირმა ზემოთნახსენებ 4 სამქულიანს მხოლოდ 1 საჯარიმო წაამატა და 13 ქულას დასჯერდა.
სუპერლიგის მე-13 ტურის 3 მატჩი 16 მარტს თბილისის ოლიმიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო ბოლო შეხვედრას ბათუმი 17 მარტს უმასპინძლებს, სადაც სათამაშოდ “შსს აკადემია-ტიტები” ჩავა.
რუსთავი – დინამო
სტატისტიკა: 67:62