დღეს რუსთავში ისეთი მნიშვნელობის მატჩი გაიმართა, რომელიც ფაქტობრივად სუპერლიგის პირველი წრის გამარჯვებულს არკვევდა. რუსთავისა და ქუთაისის მატჩი გასული წლის 6 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ-რეგულაციების გამო გადაიდო და დღეს ჩატარდა. ისე მოხდა, რომ ქუთაისმა წაუგებლად გალია პირველი წრის 9 შეხვედრა და დღესაც რომ მოეგო, ერთპიროვნული ლიდერი შეიქნებოდა. რუსთაველებს კი ხსენებული მიზეზით პირველ წრეში 2 მატჩი გადაედოთ, დანარჩენი 8 შეხვედრიდან კი 7 მოიგეს.
გამარჯვების შემთხვევაში რუსთაველებს პირველობამდე პირველი წრის დარჩენილ ბოლო შეხვედრაში მგზავრების დამარცხება მართებდათ. სუპელრიგის ლიდერთა შეხვედრა მოლოდინისამებრ დაძაბული ვერ გამოდგა. როგორც აღმოჩნდა, გასული სადღესასწაულო დღეები უფრო სარგებლიანად რუსთაველებმა გამოიყენეს, რომლებიც დღევანდელ მატჩს უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.
მასპინძლებმა პრინციპული მეტოქე დამაჯერებლად – 93:83 (სტატისტიკა) დაამარცხეს. ქუთაისელები მხოლოდ მატჩის დებიუტში, თითო-ოროლა ქულით იგებდნენ, რის შემდეგაც ქვემოქართლელებმა უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქისთვის წარმატების შანსი არ მიუციათ. პირველი პერიოდი შედარებით თანაბარი გამოდგა და რუსთავის 3-ქულიანი გამარჯვებით – 27:24 დასრულდა. მეორე მეოთხედი გარდამტეხი გამოდგა. მასპინძლებმა პერიოდი 14 ქულით – 31:17 მოიგეს და დიდ შესვენებაზე დამაჯერებელი ჰანდიკაპით გავიდნენ – 58:41.
რუსთაველთა წარმატების მიზეზი მათი მწყობრი დაცვა და შედეგიანი შეტევა გახლდათ. როგორც უკანახაზელები – მალიქ უაითი, მაიკ დევისი, ისე წინახაზელები – გეგი ბაქრაძე, გიორგი თვალაბეიშვილი, ჯალინ ვაშინგტონი და გუგა პატაშური უბადლოდ ირჯებოდნენ. ამ მოთამაშეებს თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ, რაც თავისთავად ქუთაისელებს პრობლემებს უქმნიდა, რასაც კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ვერ უმკლავდებოდა.
ქუთაისი, რომელმაც სუპერლიგის აქამდე გამართული ცხრავე შეხვედრა მოიგო, იოლად რომ არ დანებდებოდა, ცხადი იყო, თუმცა მოგების რესურსი არ ჩანდა. მესამე პერიოდში იმერულმა კლუბმა ჩამორჩენა 7 ქულით შეამცირა და ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულით აგებდა. დეჟან რაითი უკანა ხაზიდან, ფარქვეშიდან კი აკაკი დვალიშვილი აქტიურობდა და ძირითადად ამ მოთამაშეების შედეგიანობით სტუმრებმა შეხვედრის დასრულებამდე ექვსიოდე წუთით ადრე ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს.
ცხადია, რუსთაველთა მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, რამაც გაუმართლა. მოედანზე დაბრუნებული მასპინძლები თავდაპირველი მონდომებით ათამაშდნენ და დაცვაში გამოჩენილი სიმტკიცისა და შედეგიანი შეტევების შემდეგ თამაშის ბედი საბოლოოდ გაარკვიეს. გადამწყვეტ ეპიზოდში გამოსარჩევია ჯილან ვაშინგტონისა და გიორგი თვალაბეიშვილის შედეგიანობა, რომელთა ქულებსაც რუსთაველთა სოლიდური დაწინაურება და მასპინძელთა საბოლოო გამარჯვება მოჰყვა.
გამარჯვებულთაგან ყველამ გამორჩეულად ითამაშა, სტატისტიკის მხრივ კი საუკეთესო ვაშინგტონი იყო – 23 ქულა, 7 მოხსნა. 19 ქულა და 10 პასი მალიქ უაიტმა მიითვალა, მაიკ დევისის ანგარიშზე კი 10 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ვახტანგ გაფრინდაშვილი გამარჯვებულებს 11 ქულით დაეხმარა, თვალაბეიშვილმა კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.
რუსთავი პირველი წრის დარჩენილ შეხვედრას 16 იანვარს, თბილისში, მგზავრებთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში პირველ წრეს პირველ ადგილზე დაასრულებს. ამავე დღეს გაიმართება ბოლო გადადებული შეხვედრა კაკტუსსა და დინამოს შორის, რითაც პირველი წრე დასრულდება და 18 იანვრიდან ასპარეზი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალურ ტურნირს დაეთმობა.