რუსთავმა ქუთაისი ოვერტაიმში დაამარცხა

რუსთავმა ქუთაისი ოვერტაიმში დაამარცხა

 შედეგები სუპერლიგის 24-ე ტური დღეს რუსთავსა და ბათუმში დაიწყო.
ამ ქალაქებში გამართული მატჩებიდან საინტერესო და დაძაბული რუსთავში გამართული შეხვედრა
გამოდგა, რომელშიც დამატებითი დრო დაფიქსირდა.

„ქუთაისი“ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. იმერული
კლუბი მასპიძლებს 1 ქულას უგებდა, ბურთს ფლობდა და თამაშის დასრულებამდე 9 წამი რჩებოდა.
გვერდიდან შემოტანილ ბურთს რუსთაველებმა ხელი წაჰკრეს, რომელიც საბოლოოდ ლაშა გამყრელიძემ
მოიხელთა და ძირითადი დროის ამოწურვამდე 1,7 წამით ადრე მსაჯის სასტვენი გაისმა. დაკარგული
ბურთის დაბრუნებისთვის მებრძოლი ქუთაისელები დაჯარიმდნენ და გამყრელიძე საჯარიმოს ხაზზე
დადგა. ორივე სროლა რომ ჩაეგდო, „რუსთავი“ იმარჯვებდა, თუმცა ქვემოქართლელთა უკანახაზელმა
მხოლოდ მეორე ტყორცნა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

დამატებით დროში მასპინძლებმა, რომლებიც საკუთარ მოედანზე
ამ სეზონში პირველად თამაშობდნენ, ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებამდე
იოლად მივიდნენ. გამარჯვებულებს 25 ქულითა და 10 მოხსნით ნიკოლა გაჩეშამ ულიდერა.
19 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა კაილ ტურპინმა, ხოლო რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზე 14 ქულა
დაგროვდა. ქუთაისელთაგან 26-26 ქულით გოგა ცეკვავა და ზაურ ფაშაევი გამოირჩნენ.

რაც შეეხება ბათუმში გამართულ მატჩს, ადგილობრივმა გუნდმა
საკმაოდ იოლად – 86:63 დაამარცხა „ოლიმპი“ და ქუთაისელთა რუსთავში წაგების ფონზე სუპერლიგის
ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

სუპერლიგის 24-ე ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ,
2 აპრილს თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
რუსთავი – ქუთაისი  95:91

რამაზ გოგობერიშვილი (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოვიდა. შეხვედრის
ბოლომდე ვიბრძოლეთ და მაყურებელთა მხარდაჭერით გავიმარჯვეთ. ამ  სეზონში პირველად ვთამაშობდით რუსთავში და მოგება
ძალიან გვინდოდა, რასაც მივაღწიეთ კიდეც. ბოლო ეპიზოდში ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს,
რომ შეხვედრა გადაგვერჩინა და ეს გავაკეთეთ კიდეც. ძირითადი დროის ბოლო წამებზე ჯარიმა
იყო თუ არა, ეს მსაჯებმა უკეთ იციან, რადგან მოედანზე იმყოფებოდნენ და რაც დაინახეს,
შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს. 
ბათუმი – ოლიმპი  86:63 
დავით უსტიაშვილი (“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი): გუნდმა კარგად ითამაშა როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაშიც. უფრო მაღალი ანგარიშითაც შეგვეძლო მოგება. მოვემზადებით მომდევნო ტურისათვის, რომელიც რუსთავთან გველოდება. 
გია მისურაძე (“ოლიმპის” მწვრთნელი): პირველი ორი პერიოდი გუნდი ნორმალურად გამოიყურებოდა და კარგად ვირჯებოდით, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ნახევარზე – დაცვაშიც და თავდასხმაშიც ავურიეთ. ვერავის თამაშს ვერ გამოვყოფდი, გუნდმა ცუდად ითამაშა.