რუსთავმა პრინციპულ შეხვედრაში ბათუმს სძლია

რუსთავმა პრინციპულ შეხვედრაში ბათუმს სძლია

სტატისტიკასუპერლიგის მე-4 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. პირველი
შეხვედრა რუსთავში გაიმართა, სადაც რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ „ბათუმს“
უმასპინძლა და პრინციპულ დაპირისპირებაში გამარჯვებას მიაღწია. რუსთაველებმა ზღვისპირელთა
წინააღმდეგობა ბოლო პერიოდში გატეხეს 13 ქულის სხვაობით – 89:76 იმარჯვეს.

3 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 2-2 მოგება ჰქონდა და ამ
მატჩს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბათუმელები ამ მატჩს დანაკლისით შეხვდნენ.
მართალია სასტარტო ხუთეულის არა, მაგრამ ზღვისპირელებს 2 მოთამაშე აკლდათ. წინა ტურში
დისკვალიფიცირებულმა ნიკა რამიშვილმა და ნოდარ თენიეშვილმა რუსთავში ვერ ითამაშეს.

პირველი მეოთხედი რუსთაველებმა 17:14 მოგეს, ხოლო დიდი
შესვენებისთვის 37:33 დაწინაურდნენ. მესამე პერიოდში ლეგიონერთა შედეგიანობის წყალობით
მასპინძლები 13 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ილია შემოსიუკის, კრის ფელჩერისა და ბესო
ლეჟავას მექულეობით ბათუმელებმა თამაშის თანაბარ კალაპოტში დაბრუნება მოახერხეს.

ბოლო პერიოდის წინ სხვაობა მხოლოდ 5 ქულა იყო, თუმცა
ქეისი კასპერბაუერის ტომი სპანოლოს და ჩარლი ლის შედეგიანობით, რომლებსაც ხელი გიგი
გოგობერიშვილმაც წააშველა, „რუსთავმა“ ბათუმელთა წინააღმდეგობა საბოლოოდ დაძლია და
გამარჯვებამდე მივიდა.

ქვემოქართლელებს 27 ქულით კასპერბაუერმა ულიდერა, რომელმაც
8 სამქულიანი ჩააგდო. 17 ქულა ჰქონდა სპანოლოს, 15- 15 ქულა კი ჩარლი ლიმ და სერგო ათუაშვილმა
მიითვალეს. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი მიითვალა და 15 ქულას 14 მოხსნა მოაყოლა.
„ბათუმში 19 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო კრის ფელჩერი, ხოლო ილია შემოსიუკმა
18 ქულა მიითვალა. 
მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): თამაშის განმავლობაში 3-ჯერ გავედით 12 ქულით წინ, თუმცა სამივეჯერ მოახერხა მოწინააღმდეგემ გათანაბრება. მოდუნების საშუალება არ გვქონდა და ბოლოსკენ უკვე გამოვასწორეთ. შეიძლება ითქვას, რომ კარგი დაცვის ხარჯზე მოვიგეთ თამაში.
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): რუსთავმა საკმაოდ კარგად ითამაშა. ისინი 3 ქულიანებზე იყვნენ ორიენტირებულები და ვეცადეთ გაგვენეიტრალებინა, თუმცა ვერ მოვახერხეთ თამაშის ბოლო პერიოდში. თუ სტატისტიკასაც გადავავლებთ თვალს კარგად ჩანს, რომ 3-ქულიანებმა გადაწყვიტა თამაშის ბედი.