ძალიან დაძაბულ, ოვერტაიმიან შეხვედრაში რუსთავმა 88:81 (სტატისტიკა) დაამარცხა ნახევარფინალურ კავკასია და სერიაში 2:0 დაწინაურდა. რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზი ტრადიციულად ბოლომდე გაივსო, მასპინძელთა გუნდს მხურვალე გულშემატკივრობა უმაგრებდა ზურგს და რუსთაველებმაც ძალიან დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში იმარჯვეს. რუსთაველებს ფინალამდე 1 გამარჯვება აკლიათ.
გადამწყვეტი წუთები განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. პირველი მატჩისგან განსხვავებით კავკასიამ ბევრად შედეგიანად ითამაშა. მატჩის უმეტეს დროს თბილისელები იგებდნენ. პირველი პერიოდის მიწურულს კავკასია 15 ქულით – 24:9 ლიდერობდა, თუმცა ხელჩასაჭიდი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. პირველი პერიოდის ბოლოსთვის მასპინძლებმა ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს და მეორე მეოთხედიდან თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს. თამაშის მე-15 წუთისთვის ანგარიში გათანაბრდა – 35:35.
ამის შემდეგ თანაბარი თამაში გაგრძელდა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან – მეორე, თანაბარი ანგარიში 9-ჯერ დაფიქსირდა, ხოლო ლიდერი 14-ჯერ შეიცვალა. მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთებში რუსთაველებმა 5-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს. თამაშის დასრულებამდე სამწუთნახევრით ადრე კავკასია 76:71 იგებდა, თუმცა ტრეი კროფტმა ჯერ ორქულიანი, შემდეგ შეტევაში სამიანი ჩააგდო და ანგარიში გათანაბრდა. კროფტმა რუსთავი დააწინაურა კიდეც (78:76), თუმცა ილია ლონდარიძემ საჯარიმოებით წონასწორობა აღადგინა.
ბოლო წუთზე გუნდებმა უშედეგო შეტევები გაცვალეს და ძირითადი დრო ამოიწურა. დამატებით 5-წუთეულში მასპინძლებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. ოვერტაიმი 10:3 მოიგეს და მორიგი გამარჯვებით სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. რუსთაველთაგან 22 ქულითა და 8 მოხსნით ტრეი კროფტი გამოირჩა. საერთო სარგებლიანობით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი – 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა. 24 ქულა დააგროვა რეზო როგავამ. 15 ქულა და 7 პასი ლუკა ბულაშვილის ანგარიშზეა. კავკასიელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯასტინ ფორესტმა.
სერიის მომდევნო მატჩი 10 მაისს, თბილისი არენაზე, 17:00 საათზე გაიმართება.