მე-19 ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს ცხრილის მოლიდერე სამეულის წევრები – “რუსთავი” და “დინამო” შეხვდნენ. მატჩს ქვემოქართლელებმა “ქიმიკოსთა” დარბაზში უმასპინძლს და სავსე ტრიბუნების თვალწინ საამაყო გამარჯვებაც მოიპოვეს – 80:74.
მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე სუპერლიგის მიმდინარე სეზონის მძლავრად დამწყები “დინამო” დაკარგული ქულებით “რუსთავს” ჩამორჩებოდა და დღევანდელ მატჩში გამარჯვება ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად სჭირდებოდა. თავის მხრივ, რუსთაველებს მოგება ცხრილში მეორე ადგილს უმყარებდა და “დინამოსთან” სხვაობას 2 ქულამდე ზრდიდა.
მატჩი უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საწყისმა ოთხმა წუთმა წუთმა ისე ჩიარა, ანგარიში არ გახსნილა. შემდეგ გუნდებმა ქულების ხვეჭა მორიგეობით იწყეს და მათ შორის სხვაობა 3-4 ქულას არ სცდებოდა. პირველი პერიოდი რუსთაველებმა 17:14 მოიგეს, თუმცა მეორეში მეტოქემ აჯობა და დიდ შესვენებაზე უკვე “დინამო” გალიდერდა – 40:34.
მთავარი ამბებიც შემდეგ მოხდა. მესამე პერიოდში დინამოელებმა დაცვისა და სწრაფი, ზუსტი შეტევების შედეგად 14-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს. რუსთაველები დროულად გამოერკვნენ და პერიოდის ბოლომდე ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს. გადამწყვეტი მეოთხედი მასპინძლებმა კიდევ უფრო შედეგიანად დაიწყეს – შორი სროლებისა და ფარქვეშა გარღვევების კომბინირებულად და რაც მთავარია, შედეგიანად გამოყენების შედეგად ქვემოქართლელებმა ჩამორჩენა გაქვითეს. საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა – 64:64, რის შემდეგაც მასპინძლებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს და ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს.
რუსთაველებს ადამ ბლეიზეკმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა დაგროვდა. 19 ქულა და 12 მითვალა ტაირელ ნელსონმა, ხოლო ლევან ცეკვავამ შეხვედრა 12 ქულით და 6 პასით დაასრულა. “დინამოში” 18 ქულით ბომბარდირი გახდა რეივენ ლი. 16 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა მიხეილ ბერიშვილმა, ლაველ ბოიდიმაც პირად ანგარიშზე 16 ქულა ჩაიწერა.
ფიბა-ს სანაკრებო ფანჯრის გამო სუპერლიგაში ახლა მცირე შესვენება გამოცხადდება და თამაშები 1 მარტიდან განახლდება.
რუსთავი – დინამო
სტატისტიკა: 80:74
ფოტო: მირიან ჩხეიძე