რუსთავისა და დელტას მეოთხედფინალურ სერიაში ქვემოქართლელები დაწინაურდნენ. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთავმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში 87:80 (სტატისტიკა) დაამარცხა გურჯაანული გუნდი და 2:1 გალიდერდა. ქვემოქართლელებს ერთი მოგება უკლიათ ნახევარფინალამდე, თუმცა აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ზედიზედ მე-3 მატჩის მოგება რუსთაველებს ძალიან გაუჭირდებათ. დელტა, რომელმაც სერია რუსთავში მოპოვებული გამარჯვებით გახსნა, ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო და ყველაფერს გააკეთებს, რომ მესამე შეხვედრა აღარ დათმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშება.
რუსთავმა მატჩი სტაბილური, დაბალანსებული თამაშის წყალობით მოიგო. ბოისას გაწვრთნილი გუნდი ყველა რგოლში საკმაოდ მარჯვე მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამიტომაც, ქვემოქართლელებს დღევანდელ მატჩში არც ფარქვეშ გასჭირვებიათ, არც პერიმეტრზე და არც ბურთის სწრაფ, ანაც ორგანიზებულ გათამაშებას უჩიოდნენ. შესაბამისად, პირველი პერიოდი რუსთაველებმა 27:20 მოიგეს და 7-ქულიანი ლიდერობა დიდი შესვენებისთვის შეინარჩუნეს.
მეორე ნახევარში თამაში იგივე სცენარით გაგრძელდა. რუსთაველები ლიდერობდნენ, ხან 5, 7, 9, ხანაც 13 ქულით. ირაკლი ძიძიგური ტაქტიკური გადაადგილებებით და რა თქმა უნდა, წუთშესვენებებით ცდილობდა მეტოქის წამოწევას, რაც თამაშის მიწურულს ნაწილობრივ მოახერხა. ტრავმისგან მობრუნებული ლევან მასხულიას სამქულიანის შემდეგ რუსთაველთა ლიდერობა 2 ქულამდე (74:72) შეიკვეცა, თუმცა ეს აღმოჩნდა გურჯაანელთა მაქსიმუმი. ტრეი კროფტმა და ლუკა ბულაშვილმა მყისვე ჩაგდებული ბურთებით უპასუხეს და თამაშის ბედიც გაირკვა. თამაშის ძირითადი დროის დასრულებამდე 70 წამით ადრე რუსთავი 8 ქულით დაწინაურდა და მეტოქისთვის მიუწვდომელი გახდა.
გამარჯვებულთაგან 19 ქულით, 6 მოხსნითა და 4-4 ჩაჭრა-პასით საუკეთესო იყო ტრეი კროფტი. რევაზ როგავამ 20 ქულა ჩააგდო და ბომბარდირი გახდა, ლუკა ბულაშვილისა და გუგა პატაშურის ანგარიშზე კი 16-16 ქულა დაგროვდა. დელტაში 20 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა რიკარდო ლინჩს, 18 ქულა და 9 მოხსნა გეგი ბაქრაძემ მოაგროვა. 14 ქულითა და 11 პასით დაასრულა შეხვედრა ოთარ ფხაკაძემ.
სერიის მომდევნო მატჩი 28 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება.