სუპერლიგის პლეი ოფში ერთადერთი რეგიონალური წყვილია: რუსთავი – ბათუმი, რომელთა შორისაც გამარჯვებული ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს. ოთხეულში გასვლის გზაზე მოზრდილი ნაბიჯი გადადგა “რუსთავმა”, რომელმაც ქვემო ქართლის მთავარ ქალაქში დღეს ზღვისპირელებს უმასპინძლა და 20 ქულის სხვაობით – 82:62 დაამარცხა.
ბათუმელებმა პირველ პერიოდში გაიბრძოლეს. შეხვედრის დებიუტში წინაც იყვნენ, თუმცა მასპინძელთა ამერიკელი ლეგიონერი, ტაირელ ნელსონი შეუჩერებელი შეიქნა, რომელმაც აჭარელთა სამწამიანი დაიპყრო, ქულას ქულაზე იხვეჭდა და მასპინძლებს ლიდერობის, შესაბამისად მატჩზე კონტროლის დაწესების მოპოვებაში დიდი დახმარება გაუწია.
საწყისი ათწუთეულის 24:21 მოგების შემდეგ რუსთაველებმა ტემპს და შედეგიანობას უმატეს, მეორე ათწუთული 20:15 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. სხვაობა დიდი არ იყო, ბათუმელებს თამაშის გადარჩენა შეეძლოთ, თუმცა მე-3 პერიოდში ყველაფერი გადაწყდა. ქვემოქართლელებმა ათწუთეული 20:9 მოიგეს, 19 ქულით გალიდერდნენ და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს.
საბოლოოდ “რუსთავმა” 82:62 დაამარცხა “ბათუმი” და სერიაში 1:0 დაწინაურდა. გამარჯვებულებს 33 ქულითა და 16 მოხსნით ტაირელ ნელსონმა ულიდერა. ადამ ბლეიზეკმა რუსთაველებს 16 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა შესძინა. ბათუმელთაგან 22 ქულითა და 9 მოხსნით სერბი სტეფან ანდრეიევიჩი გამოირჩა. 13 ქულა ჰქონდა სპენსერ კოლინსს.
ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრა 8 მაისს, ბათუმში გაიმართება. თუკი ამ მატჩს ბათუმელები მოიგებენ, სერიის გადამწყვეტი მატჩი ისევ რუსთავში ჩატარდება. არადა, “რუსთავი” ნახევარფინალში გავა.
რუსთავი – ბათუმი
სტატისტიკა: 82:62