სტატისტიკა სუპერლიგის 27-ე ტური დღეს გამართული 1 მატჩით დასრულდა.
ერთმანეთს პლეი ოფს მიღმა დარჩენილი გუნდები – „აკადემია“ და „რუსთავი“ შეხვდნენ. ქვემოქართლურმა
გუნდმა 2 ტურის წინ დაკარგა ოთხეულში გასვლის შანსი, როცა შინ „მგზავრებთან“ წააგო,
ხოლო აკადემიელები ბოლო ადგილზე არიან და დიდი ალბათობით, სუპერლიგას დატოვებენ.
მატჩმა ზედმეტი ემოციების გარეშე ჩაიარა. გუნდიდან ლეგიონერების
გაშვების შემდეგ გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილი აკადემიელები ახალგაზრდა, სუპერლიგაში
გამოუცდელი მოთამაშეების ამარა დარჩნენ. მხოლოდ აკაკი ლომოური და მერაბ ბოქოლიშვილია,
რომლებსაც ბოლო წლებია, სუპერლიგაში უთამაშიათ. რაც შეეხებათ რუსთაველებს, ქვემოქართლურ
გუნდს 2 უმაღლესი დონის ლეგიონერი ჰყავთ და მიუხედავად პლეი ოფს მიღმა დარჩენისა, გუნდიდან
არც არავინ გაუშვიათ.
ძალთა თანაფარდობა საგრძნობი იყო. „რუსთავმა“
103:81 გაიმარჯვა, ხოლო ბომბარდირი 26 ქულით ნიკოლა გაჩეშა გახდა, რომელმაც 11 მოხსნაც
მიითვალა. 12 ქულა დაგროვდა მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე, ხოლო ლევან ხმელიძემ და ერეკლე
ლორთქიფანიძემ 11-11 ქულა მოაგროვეს. 24 ქულით აკადემიაში მერაბ ბოქოლიშვილი გამოირჩა,
ხოლო აკაკი ლომოურმა შეხვედრა 18 ქულითა და ამდენივე მოხსნით დაასრულა.
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 28-ე ტური 26 და 27 აპრილს
– რუსთავსა და თბილისში გაიმართება, რის შემდეგაც მცირე შესვენება გამოცხადდება და
თამაშები პლეი ოფიდან გაგრძელდება. ნახევარფინალს მიღმა დარჩენილ გუნდებს რეგულარულში
დაგროვილი ქულები შეუნარჩუნდებათ და ერთმანეთში დამატებით 2 წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც,
ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი სუპერლიგას დატოვებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
გიორგი ნიკოლაძე (“აკადემიას” მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ რუსთავის გუნდს დღევანდელ გამარჯვებას, რაც შეგვეხება ჩვენ, მგონი პრობლემები თვალშისაცემია – სათადარიგო სკამი არ გვყავს და ცენტრის პოზიაციაზეც ძალიან გვიჭირს.
რამაზ გოგობერიშვილი(“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): ჩვენი გამარჯვება მოსალოდნელი იყო. “აკადემია” ფაქტიურად განახევრებულია, ამიტომ მოგება არ გაგვჭირვებია.