რუსთავის რთული გამარჯვება პირველი წრის ბოლო მატჩში (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავის რთული გამარჯვება პირველი წრის ბოლო მატჩში (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკაგალერეა

სუპერლიგის პირველი წრე დღეს რუსთავში დასრულდა. მე-7
ტურის ბოლო მატჩში „რუსთავი“ და „მგზავრები-არმია“ შეხვდნენ. ამ გუნდების წინა მატჩი
ოციოდ დღის წინ საქართველოს თასის გათამაშებაზე გაიმართა და შეხვედრის ბედი
ბოლო წამზე გადაწყდა. დღევანდელ შეხვედრაში მთლად ასე დაძაბულად არ ყოფილა საქმე, თუმცა
რუსთაველებმა გამარჯვების მოპოვება ბოლო წამებზე მოახერხეს.

მიუხედავად მარცხისა, „მგზავრები-არმიას“ მწვრთნელი
ბუბა ბერიშვილი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო. თბილისელები მასპინძლებს ტოლს
არაფერში უდებდნენ და დროგამოშვებით ლიდერობდნენ კიდეც. პირველი ტაიმი სტუმრებმა
42:40 მოიგეს და დიდი შესვენების შემდეგაც არ აპირებდნენ დანებებას.

მესამე მეოთხედში „მგზავრები-არმიას“ ცენტრმა რევაზ
ათანელიშვილმა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, რის შემდეგაც რუსთაველებმა სათამაშო
ტაქტიკა შესაბამისად გადააწყვეს და ბოლო მეოთხედში სოლიდურ, 10-ქულიან ლიდერობასაც
დაეპატრონნენ. ამან ვერ გატეხა სტუმრები და ბერიშვილის გუნდმა ძირითადად მასპინძელთა
არაზუსტი სროლების (ბოლო წუთებზე 4 საჯარიმო ააცილეს) ხარჯზე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

2 ქულით ჩამორჩენილმა „მგზავრები-არმიას“ მოთამაშეებმა
თამაშის დასრულებამდე 13 წამით ადრე ბურთი მოიხელთეს და შეტევა წამოიწყეს. მათდა სამწუხაროდ,
მოედნის ცენტრში მოთამაშეებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და არაზუსტი პასი მოედნის ფარგლებს
გასცდა. რუსთაველებმა ბურთი შემოიტანეს და სტუმრები იძულებულები გახდნენ, დროის მოგების
მიზნით ტაქტიკური ჯარიმა აეღოთ. გოგა ცეკვავამ ამჯერად აღარ ააცილა და ზუსტი საჯარიმოების
შემდეგ „რუსთავი“ სტუმართათვის“ მიუწვდომელი გახადა – 78:74.

გამარჯვებულებს 18 ქულითა და 13 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა
ულიდერა. 18 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა მიხეილ ჭოჭუას, ამერიკელმა ჰაიდენ ჰამსმა კი რუსთაველებს
16 ქულა შესძინა. „მგზავრები-არმიაში“ 23 ქულით საუკეთესო იყო ტატო ჩაჩიბაია, 13 ქულა
კი მერაბ ბოქოლიშვილმა მოაგროვა.

სუპერლიგის პირველი წრე (7 ტური) დასრულდა. თამაშები
მომავალი წლის თებერვალში განახლდება.

მატჩისშემდგომი
კომენტარები

ბუბა ბერიშვილი(„მგზავრები-არმიას“
მთავარი მწვრთნელი):

„ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა, ასეც ველოდი და სამწუხაროა,
რომ ვერ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მატჩამდეც გვაკლდა ტრავმირებული მოთამაშე და თამაშის
მსვლელობისას ცენტრის პოზიციის კალათბურთელი დაგვიშავდა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე
დაძაბული თამაში იყო. წაგების მიუხედავად, კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით, გამოჩენილი
ბრძოლისუნარიანობით“.

მიხეილ ბერუაშვილი(„რუსთავის“
მთავარი მწვრთნელი):

„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას. მართალია,
დაძაბული შეხვედრა იყო და ბოლო წამებზე მოვიპოვეთ გამარჯვება, მაგრამ ეს კალათბურთია,
ხან ისე იქნება, ხან ასე. ყველა თამაშს იოლად ვერ მოიგებ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით,
განსაკუთრებით შეტევაში, მაგრამ დაცვის ხარჯზე მოვიგეთ“.