სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგის მე-19 ტურის მორიგი მატჩი 21-ქულიანი სხვაობით
დასრულდა. ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა „რუსთავმა“, რომელსაც სოლიდური შემადგენლობა ჰყავს,
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ცხრილში გაცილებით მაღლა მყოფ „მგზავრებთან“. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მობილიზებით
ჩაატარა მთელი თამაში და მესამე პერიოდში იმხელა უპირატესობას დაეპატრონა, რომ მატჩს
ინტრიგა ნაადრევად დაუკარგა.
პირველი პერიოდის 12:22 წაგების შემდეგ „მგზავრებმა“
თამაში ნაწილობრივ დაალაგეს და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 3 ქულას აგებდნენ, თუმცა მესამე
პერიოდში რუსთაველებმა დიდებულად ითამაშეს. მიხეილ ჭოჭუას, რევაზ ჩაჩანიძის და ლაშა
გამყრელიძის შორი სროლებით, რასაც სამწამიანი ზონიდან კაელ ტურპინისა და ნიკოლა გაჩეშას
შედეგიანობა ერთვოდა, ქვემო ქართლელებმა მესამე 10-წუთეული 25:9 მოიგეს და ბოლო პერიოდის
წინ 10 ქულით დაწინაურდნენ.
მეოთხე ათწუთეულის დაწყებიდან მალევე რუსთაველთა ლიდერობამ
30 ქულას მიაღწია და მატჩის დასკვნითი წუთები ფორმალობად იქცა. გამარჯვებულებს 17 ქულით,
9 მოხსნით და 5 პასით გამყრელიძემ ულიდერა. 19 ქულით ბომბარდირი რევაზ ჩაჩანიძე გახდა,
ტურპინის ანგარიშზე კი 16 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. მგზავრებში 19 ქულით საუკეთესო
იყო კენდალ უილიამსი.
მე-19 ტურის ბოლო მატჩში „სოხუმი“ „დინამოს“ უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში რუსთავს მივულოცავ ღირსეულ მოგებას. ძლიერი, გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენ რაც შეგვეხება ყოველნაირად ვემზადებოდით ამ თამაშოსთვის, ცვლილებები გვქონდა შეტევისა და დაცვის ტაქტიკებში. თუმცა ამან მხოლოდ პირველ ტაიმში იმუშავა. მეორე ტაიმში ბევრი გვქონდა აცდენები და დაცვაში, ისევე როგორც შეტევაში ბევრი შეცდომები დავუშვით.
რამაზ გოგობერიშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): ყველანაირად კარგად წაგვივიდა თამაში, შეცდომები არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით თამაშის პირველ ნახევარს. მეორე ტაიმში 3-ქულიანებსაც ზუსტად ვისროდით. ვთვლი, რომ დამსახურებულად მოვიგეთ.