რუსთავის საკალათბურთო კლუბი 11-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ საქართველოს ჩემპიონია. ანატოლი ბოისას მთავარი მწვრთნელობით, რომელსაც ასისტენტობას მიხეილ ბერუაშვილი და ზურა მაჭავარიანი უწევდნენ, ქვემოქართლურმა გუნდმა ფინალური სერიის მე-3 მატჩიც მოუგო “ცხუმ-აფხაზეთს” და 2010 წლის შემდეგ პირველად, სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.
მართალია, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ცხუმ-აფხაზეთმა ფინალური სერია 0:3 წააგო, მაგრამ ეს გუნდი ქების ღირსია. წინა მატჩის მსგავსად, ცხუმელებმა დღევანდელ მატჩიც ბოლომდე იბრძოლეს, გამარჯვებასთან საკმაოდ ახლოსაც იყვნენ, თუმცა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რუსთაველებმა გადამწყვეტ წუთებში მაინც იძალეს – 94:88 (სტატისტიკა) იმარჯვეს და სეზონის უმთავრესი – საჩემპიონო ტიტულის მფლობელები გახდნენ.
რუსთაველთა ინდივიდუალური ოსტატობა ვახსენეთ და აი, რატომ: თამაშის დასრულებამდე სამიოდე წუთი რჩებოდა, როცა ქვემოქართლელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯილან ვაშინგტონმა მე-5 პერსონალური მიიღო და მოედნიდან გავიდა. იგივე მიზეზით მანამდე რუსთაველებმა ხუთეულის წევრები – მერაბ ბოქოლიშვილი და გეგი ბაქრაძეც დაკარგეს. ანუ რუსთაველთა ბირთვის სოლიდური ნაწილი თამაშგარედ აღმოჩნდა, თამაშის ბოლო იყო, ყველა გადაღლილი და დასტრესილი. გააზრებული კომბინაციის გათამაშების რესურსი რუსთაველებს ფაქტობრივად არ ჰქონდათ და ყველაფერი ინდივიდუალურ ოსტატობაზე დაეკიდა.
მისასალმებელია, რომ რუსთავის ლეგიონერებთან ერთად თამაშის ბედის განმსაზღვრელი ახალგაზრდა ზურა ვაშაკიძეც გახლდათ, რომელმაც ბოლოსწინა წუთზე უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და ქვემოქართლელები 90:86 დააწინაურა. ეს გახლდათ ის სოლიდური უპირატესობა, რომელსაც პატარა ხელის შეშველება უნდოდა და გამარჯვება გარანტირებული იყო. ეს მცირედი საკმაოდ ბარაქიანი გამოუვიდა მალიქ უაითის, რომელმაც საჯარიმოები ჩააგდო, ბურთი ჩაჭრა და სწრაფი, ზუსტი გარღვევა განახორციელა. ამერიკელმა გამთამაშებელმა, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე ქვემოქართლელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოხდენილი წერტილი დასვა.
რუსთაველებმა გამარჯვებასთან ერთად ჩემპიონობაც გაინაღდეს და 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოგებული ტიტული ემოციურად იზეიმეს. 11 წლის წინანდელი რუსთავის ჩემპიონი გუნდიდან ახლანდელ შემადგენლობაში 5 ადამიანი გახლავთ: მიხეილ ბერუაშვილი, ანატოლი ბოისა, გოგა ცეკვავა, რეზო ჩაჩანიძე და ზურა მაჭავარიანი. ბერუაშვილი მაშინ მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ხოლო დანარჩენები – მოთამაშეები. ახლა კი ანატოლი ბოისა მთავარი მწვრთნელია, ბერუაშვილი და მაჭავარიანი მისი ასისტენტები, ცეკვავა და ჩაჩანიძე კი კვლავ მოთამაშის ამპლუაში გახდნენ რუსთავის მაისურით საქართველოს ჩემპიონები.
ჩემპიონობის მომტან მატჩში რუსთაველებს სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა მაიკ დევისმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა. 30 ქულით ბომბარდირი მალიქ უაითი გახდა, ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზე კი 17 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი აღმოჩნდა. ცხუმ-აფხაზეთში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 21 ქულა ჯოშუა მაკფოლმა მიითვალა, ტაილერ გრინის ანგარიშზე კი 17 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.
დაჯილდოების ცერემონიალი
მე-2 ადგილის მფლობელი
სუპერლიგის მე-2 ადგილის მფლობელი გახდა საკალათბურთო გუნდი „ცხუმ-აფხაზეთი“, რომელიც ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს ვეტერანმა კალათბურთელებმა – გივი ბიჭიაშვილმა და ვლადიმერ ძიძიგურმა.
1-ლი ადგილის მფლობელი
2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის ჩემპიონი „რუსთავი“ ოქროს მედლებით დააჯილდოვეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა და ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე
2020-2021 წლების სეზონის საკალათბურთო სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშისთვის დაწესებული იყო ზვიად მიქაძის სახელობის თასი. საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა საკალათბურთო კლუბ „ვერას“ მოთამაშე, ლუკა მაზიაშვილი, რომელსაც თასი ზვიად მიქაძის შვილებმა, სალომემ და იოანამ გადასცეს.
გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე
წლევანდელი სეზონის სუპერლიგის გამორჩეულ ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა თბილისის „დინამოს“ მოთამაშე ლუკა ბულაშვილი, რომელსაც გადაეცა გელა დარსაძის სახელობის თასი. ლუკა ბულაშვილი გელა დარსაძის მეუღლემ, ნინო ადამიამ დააჯილდოვა.
საუკეთესო მწვრთნელი
სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ანატოლი ბოისა, რომელსა ცნობილი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის თასი გადაეცა. ანატოლი ბოისა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვა.
საქართველოს კალაბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა, კომპანია „აჭარაბეთმა“ სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელისთვის დააწესა ფულადი პრიზი – 3000 ლარი.
სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე MVP
დაჯილდოების ცერემონიალზე ცნობილი გახდა 2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე – MVP. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის მსაჯთა კოლეგიამ და კომისრებმა მიიღეს, გაიმარჯვა რუსთავის გუნდის მოთამაშემ, მაიკლ დევისმა.
მაიკლ დევისს MVP-ის თასი გადასცა საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის თავჯდომარემ ლაშა გამყრელიძემ გადასცა.
საქართველოს კალაბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა, კომპანია „აჭარაბეთმა“ სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშისთვის დააწესა ფულადი პრიზი – 3000 ლარი.
საჩემპიონო თასის გადაცემა
წლევანდელი, 2020-2021 წლების სეზონის საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონი გუნდის, „რუსთავის“ კაპიტანს, ლევან ცეკვავას საჩემპიონო თასით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გადასცეს.