ანატოლი ბოისას, მიხეილ ბერუაშვილისა და ლევან მიქაბერიძის გაწვრთნილი რუსთავი სუპერლიგის ფინალშია. 2021 წელს ქვემო ქართლის გუნდი ბოისას ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონი გახდა, მომდევნო წელს კი სამეულს მიღმა დარჩა. მიმდინარე სეზონში რუსთაველებმა დაამტკიცეს, რომ ფინალში თამაშს კვლავ იმსახურებენ – ქვემოქართელებმა ნახევარფინალური სერია კავკასიას 3:1 მოუგეს.
რუსთაველთათვის გადამწყვეტი მატჩი მეტად დაძაბულად წარიმართა. უმეტესად კავკასიელები იგებდნენ, თუმცა მცირედით. ყველაზე დიდი სხვაობით ბექა წივწივაძის გაწვრთნილი თბილისური გუნდი მესამე პერიოდში დაწინაურდა, როცა 9 ქულით გალიდერდა. აიზია ელისი თითქმის შეუჩერებელი იყო, რომელსაც უკანა ხაზიდან ზურგს ჯასტინ ფორესტი, კრის მაკნილი და სამქულიანების სასროლად მომართული ნიკოლოზ გაფრინდაშვილი.
მესამე პერიოდის მიწურულს რუსთაველებმა თამაში გამოაკეთეს, რაც უპირველესად დაცვის ხარჯზე მოხდა. ანატოლი ბოისა არჩეულ ტაქტიკას მიჰყვებოდა და როგორც კი მატჩის გადამწყვეტი პერიოდი დადგა, თამაში საკუთარ თავზე ტრეი კროფტმა აიღო. მისი საოცარი ტრაექტორიით ჩაგდებული არაერთი ბურთის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა.
კავკასია წაგების, ანუ ნახევარფინალიდან გავარდნის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა როგორც მწვრთნელის, ისე მოთამაშეების დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსთაველებმა დარჩენილ დროში შეცდომა აღარ დაუშვეს – თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს და ფინალში გავიდნენ.
მატჩის საბოლოო ანგარიშია 84:79 (სტატისტიკა), რაშიც ლიმის წილი რუსთაველთა ამერიკელ ლეგიონერს – ტროი კრიფტს უდევს. მან 34 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მის გარდა 10-ქულიან ზღვარს გუგა პატაშურმა მიაღწია. 9-9 ქულა მიითვალეს აივერი დიგსმა და ანზორ ნადირაძემ. კავკასიაში საუკეთესო იყო აიზია ელისი: 29 ქულა, 13 მოხსნა. 13 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი ჯასტინ ფორესტის ანგარიშზეა. 12 ქულა მოაგროვა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, რომელმაც ყველა ბურთი სამქულიანი ნიშნულის მიღმიდან ჩააგდო.
კავკასია მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე თსუ-სა და მარგვეთს შორის ნახევარფინალურ სერიაში დამარცხებული გუნდი იქნება. რუსთავი კი სწორედ ამ წყვილიდან ელოდება საფინალო მეტოქეს.