რუსთაველებმა
მოქმედი ჩემპიონი კლასიკურ სტილში დაამარცხეს. მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის
როლში მყოფმა ქვემოქართლელებმა მთავარი ძალები ბოლოსთვის შემოინახეს, გადამწყვეტ მეოთხედში
29:8 იმარჯვეს და საბოლოოდ რუსთავში დამაჯერებელი გამარჯვებით გაბრუნდნენ. „არმიამ“ პირველი
მეოთხედი 22:12 მოიგო და დაახლოებით ამ ოდენობის უპირატესობას ბოლო მეოთხედამდე ინარჩუნებდა.
რუსთაველები აუღელვებლად მიყვებოდნენ არმიელებს კუდში და ჩასაგდებს აგდებდნენ, თუმცა
ისიც სათქმელია, რომ ძალიან ბევრ სამქულიანს აცილებდნენ. პირველი ტაიმიც არმიელთა
10-ქულიანი ლიდერობით დასრულდა, ხოლო მესამე პერიოდში სტუმრებმა თამაში დაალაგეს.
ამერიკელი ლეგიონერი,
კაილი ნელსონი შეუდარებლად თამაშობდა ფარქვეშ, რომელიც კამერუნელ ჯოლივერ ტუჯანთან
ტანდემში ბოლო მეოთხედში არმიელთათვის შეუჩერებელი აღმოჩნდა. ამერიკელ-კამერუნელის
ტანდემს კარგად ამარაგებდა პასებით უკანახაზელი ნეით ბოუი. არმიელების შეტევებს შედეგიანობა
დაეკარგა, რაც რუსთაველთა დაცვის დამსახურება გახლდათ. შედეგად, მოსახდენი მოხდა –
რუთაველებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს და თუ პირველ წუთებს არ ჩავთვლით, მატჩში პირველად
საფინალო სირენამდე 5,40 წუთით ადრე დაწინაურდნენ (61:59) – ნელსონის პასით ჟოლივეტ
ტუჯანმა ჩააგდო.
ამის შემდეგ რუსთაველებმა
სამქულიანებიც ზუსტად გამოიყენეს, სწრაფ შეტევაშიც იხეირეს და მეურვეებს ფარქვეშაც
აჯობეს. მიხეილ ბერიშვილის გუნდის უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია, რაც არმიელთა წაგებას
ნიშნავდა. 21 ქულით მოგებული ბოლო მეოთხედის შემდეგ რუსთაველებმა 79:64 გამარჯვება
გაიფორმეს და ცხრილში უშუალო კონკურენტ არმიელებს გადაასწრეს.
„რუსთავს“ ნელსონმა
27 ქულითა და 12 მოხსნით ულიდერა, ტუჯანმა 18 ქულა ჩააგდო, ხოლო ნეით ბოუიმ – 17. არმიელთაგან
15-15 ქულით საუკეთესონი გიორგი შარაბიძე და ზვიად ბაბიაშვილი გახლდნენ.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
მიხეილ ბერუაშვილი(რუსთავი): მივულოცავ ჩემს
გუნდს. რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ ეს გამარჯვება ჩვენთვის აუცილებელი იყო.
ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და შედეგსაც მივაღწიეთ.
მადლობა არმიის გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის. პირველ პერიოდში გვქონდა ხარვეზები,
თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც გვინდოდა.
კოტე ტუღუში(არმია): მივულოცავ რუსთავს
გამარჯვებას. ძალიან მძიმე თამაში იყო ორივე გუნდისთვის. რუსთაველებმა ბოლომდე იბრძოლეს,
არ დანებდნენ.ბოლო პერიოდში დიდი გარდატეხა მოახდინეს და თავის სასარგებლოდ გადაწყვიტეს
მატჩის ბედი. ჩვენ მინუსი გვქონდა სიმაღლეში,
რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ.
ლევან ცეკვავა(რუსთავი): გუნდს ნამდვილად
სჭირდებოდა ეს გამარჯვება. დაცვაში კარგად ვითამაშეთ და ამან განაპირობა ჩვენი მოგება.
მადლობა არმიას ასეთი თამაშისთვის.
გიორგი შარაბიძე(არმია): მოგების დიდი
შანსი გვქონდა, თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით. ამაზე სამუშაო გვაქვს და ვეცდებით გამოვასწოროთ ხარვეზები.
არმია – რუსთავი 64:79
ბათუმი – სტუ 86:75
თსსუ – თსუ 73:70
ოლიმპი – შსს აკადემია 63:70