რუსთავის საკალათბურთო გუნდი სუპერლიგის ნახევარფინალშია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა ბოლომდე სავსე დარბაზში 83:76 (სტატისტიკა) მოუგო დელტას და ნახევარფინალში გავიდა. სერიაში ანგარიში 2:2 იყო. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გურჯაანის გუნდმა წინა მატჩში 15-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და საკვანძო გამარჯვებით საქმე გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა. რუსთავში გადამწყვეტი მატჩისთვის განსაკუთრებული მობილიზება – ორგანიზატორები დაცვის სამსახურით, ხოლო მასპინძლები აქტიური გულშემატკივრებით.
პირველი ნახევარი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს. დაცვაში სტაბილური გარჯითა და ორგანიზებული შეტევებით დელტა მეტოქეს ჯობნიდა და პირველი პერიოდიც მოიგო (20:17) და მეორეც (23:17). დიდი შესვენებისთვის გურჯაანელები 7 ქულით იგებდნენ, რაც მათი გუნდური გარჯის გამო იყო. გამოსარჩევია ეივი ტუმერის სამქულიანები, რომელმაც მეორე პერიოდში პერიმეტრსმიღმიდან 2-ჯერ იხეირა, ხოლო მესამე პერიოდის პირველსავე შეტევაში კიდევ ერთი სამიანი ჩააგდო და დელტა 10 ქულით გაალიდერა.
ამის შემდეგ რუსთაველთა დროც დადგა. მოედანზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა – გურჯაანელები ისე იოლად ვეღარ იხვეჭდნენ ქულებს, როგორც პირველ ნახევარში, ხოლო მასპინძლებმა სწრაფი შეტევების განხორციელებაც დაიწყეს და შორიდანაც მიზანი გაისწორეს. გამოსარჩევია ტროი კროფტის შედეგიანობა, რომლის შედეგიანობამ და სწრაფმა შეტევებმა თანაგუნდელები აიყოლია. რეაზ როგავა, გუგა პატაშური და ეივერი დიგსი – მესამე პერიოდში რუსთაველებმა 24:11 იმარჯვეს და 7-ქულიანი ჩამორჩენა 6-ქულიან ლიდერობად აქციეს.
ბოლო პერიოდში ვითარება არ შეცვლილა. რუსთაველებმა მოპოვებული ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს. გუგა პატაშურისა და ტრეი კროფტის შედეგიანობამ მასპინძელთა ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდა და მატჩი ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. რუსთაველთაგან საუკეთესო იყო კროფტი, რომელმაც 30 ქულა მოიპოვა. 17 ქულა და 10 მოხსნა გუგა პატაშურმა მიითვალა, რევაზ როგავას ანგარიშზე 16 ქულა და 6 პასი დაგროვდა. დელტაში 21 ქულით ბომბარდირი გახდა ეივი ტუმერი. 15 ქულა და 9 პასი ოთარ ფხაკაძემ მიითვალა. 11 ქულით დაასრულა შეხვედრა ვახტანგ ქადარიამ.
რუსთავი ბოლო ნახევარფინალისტია კავკასიის, თსუ-ის და მარგვეთის შემდეგ. ნახევარფინალში რუსთავი კავკასიას დაუპირისპირდება, თსუ – მარგვეთს. სერიები სტარტს 6 მაისს აიღებს.