ქუთაისს ტერიმ და ქუთაისელებმა მოუგეს

ქუთაისს ტერიმ და ქუთაისელებმა მოუგეს

  სტატისტიკაპირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა ძალიან დაძაბული
გამოდგა. ერთმანეთს „მგზავრები“ და „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა
„მგზავრებმა“ ბოლომდე იბრძოლეს და მიუხედავად იმისა, რომ მატჩს უმეტესწილად აგებდნენ,
პრინციპულ გამარჯვებას მიაღწიეს.

„მგზავრებმა“ ის 2 უკრაინელი ლეგიონერი, რომლებიც დუდუ
დადიანის ტურნირზე ათამაშეს, გაუშვეს და 2 უცხოელი შეიმატეს. მათგან ერთ-ერთმა, მაიკლ
ტერიმ დღეს ითამაშა და გამარჯვების მომტანი ბურთი ჩააგდო. მართალია, ამერიკელ უკანახაზელს
ქულების გროვებით თავი არ გამოუჩენია, თუმცა როცა საქმემ მოითხოვა, მან პასუხისმგებლობა
საკუთარ თავზე აიღო და მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე სწრაფი გარღვევა შედეგიანად
დააგვირგვინა – 77:75.

ქუთაისელებმა ბოლო შეტევაში ბურთი ვერ ჩააგდეს და „მგზავრებმა“
ქუთაისელების თბილისში მგზავრობას მარცხიანი სტატუსი მიანიჭეს. ქუთაისელები მატჩისთვის
განკუთვნილი 40 წუთიდან 32 წუთი ლიდერობდნენ, თუმცა ეს უპირატესობა ვერ შეირგეს. ტუღუშის
გუნდმა თამაში 11:1 გაქცევით დაიწყო და ბევრს აფიქრებინა, რომ გამარჯვებას იოლად მიითვლიდა,
მაგრამ მგზავრებმა არ დათმეს და ჯერ თამაში გაათანაბრეს, შემდეგ კი გადამწყვეტ წუთებში
4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 70:66.

ქუთაისელებმა მოახერხეს და თამაშის ბოლო წუთზე ანგარიში
გაათანაბრეს, თუმცა შემდეგ თავში ნახსენები ეპიზოდის დროც დადგა – ამერიკელმა ტერიმ
ექსქუთაისელი ლევან გრძელიძის პასით და ზუსტი გარღვევით გამარჯვების მომტანი ორქულიანი
მიითვალა. „მგზავრების“ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო კახა ჯინჭარაძემ, რომელმაც
20 ქულა მიითვალა. 12 ქულა დააგროვა „მგზავრებში“ „ქუთაისიდან“ გადასულმა გრძელიძემ,
ხოლო კიდევ ერთმა ქუთაისელმა ავთანდილ ლომინაშვილმა „მგზავრებს 11 ქულა და 10 მოხსნა
შემატა. იმერულ კლუბში 21 ქულით ბომბარდირი რიჩარდ მათიაშვილი გახდა, ხოლო აზერბაიჯანელმა
ზაურ ფაშაევმა 18 ქულა და 7 პასი მიითვალა.

 კომპანია „პრაიმ
სპორტ მენეჯმენტის“ მიერ მატჩში დაწესებული იყო საუკეთესო მოთამაშის პრიზი. ჟიურის
გადაწყვეტილებით  NIKE-ის  ფირმის სპორტული ფეხსაცმელი გადაეცა „მგზავრების“
ფორვარდ  კახა ჭინჭარაძეს, რომელიც აღნიშნული
პრიზით კომპანიის პრეზიდენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა დააჯილდოვა.   

მორიგი მატჩი „რუსთავსა“ და „სოხუმს“ შორის გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ბუბა ბერიშვილი
(„მგზავრების მთავარი მწვრთნელი“): პირველ რიგში
მივულოცავ ყველას სუპერლიგის დაწყებას,  მადლობას
გადავუხდი  ბიჭებს  გამარჯვებისთვის. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ,
თუმცა საკმაოდ ამბიციური. სეზონი დღეს დაიწყო და ბუნებრივია,  ჯერჯერობით 
არ ვართ იმ კონდიციაში რომ დალაგებული კალათბურთი ვითამაშოთ, თუმცა ყველაფერი
წინ გვაქვს.

 კოტე ტუღუში
(„ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): დაძაბული მატჩი
იყო. სეზონის დასაწყისია და გუნდები ისეთი მომზადებულნი არ ვართ როგორც ვისურვებდით.
დღეს ჩვენი მეტოქე „მგზავრები“ იყო, რომელიც 
შარშანდელისგან განსხვავებით სულ სხვა გუნდია და უფრო მაღალი შედეგებისთვის
იბრძვის. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა ბოლო წუთებამდე ვინარჩუნებდით მოგების
შანსს. სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში არ გაგვიმართლა.