სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. გუნდების ნაწილს 3 მატჩის ჩატარება დარჩა, ნაწილს კი – ოთხის. შესაბამისად, ბრძოლა მწვავდება სხვადასხვა მიზნებისთვის. ზოგი გუნდი პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის, ზოგს რეგულარულის მოგება და შესაბამისად, პლეი ოფში ნებისმიერთან მოედნის უპირატესობის მიღება უნდა, ზოგიც ლიგაში დასარჩენი საკვალიფიკაციო რაუნდისთვის თავის არიდება სურს.
ერთადერთი, რაც თითქმის გარკვეულია, “ვერას” “ა” ლიგაში დაქვეითებაა. მართალია, ვერელებს სუპერლიგაში დარჩენის თეორიული შანსი დარჩათ – თუკი დარჩენილ ოთხივე მატჩს მოიგებენ, კონკურენტი ტიტები ან მარგვეთი კი ყველას წააგებს, თუმცა ეს ვარიანტი ფანტასტიკის სფეროა და რეალურად არც განხორციელდება.
ტიტებს რაც შეეხებათ, ბესიკ ლეჟავას გუნდი ამჟამად ბოლოსწინა ადგილზეა და თუკი ასე დაასრულებს რეგულარულს, სუპერლიგაში დასარჩენი საკვალიფიკაციო რაუნდის ჩატარება მოუწევს “ა” ლიგის ფინალში წაგებულ გუნდთან. საკვალიფიკაციოს თავიდან არიდების გზაზე მოზრდილი ნაბიჯის გადადგმა ტიტებს სწორედ დღეს შეეძლოთ. ბესო ლეჟავას გუნდი სტუმრად ქუთაისს ხვდებოდა და რომ დაემარცხებინა, სამ გუნდს – ტიტებს, ქუთაისს და მარგვეთს 6-6 მოგება უგროვდებოდათ. დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში ქუთაისელებმა 1 ქულით – 95:94 (სტატისტიკა) მოგიგეს და ცხრილში ორივე ნახსენები კონკურენტის წინ დადგნენ. ტიტები 5 მოგებით ბოლოსწინა ადგილზე დარჩა და დარჩენილ 4 ტურში ეცდება ბოლოსწინა ადგილის თავიდან არიდებასა და შეძლებისდაგვარად, პლეი ოფში გასვლას. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში საუკეთესო 8 გუნდი გადის, მე-9 ადგილზე გასული გუნდი კი სეზონს ამთავრებს.
დღეს გამართულ ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს კაკტუსი და კავკასია დაუპირისპირდნენ. ამ გუნდებმა სუპერლიგის პირველი წრე ერთნარი შედეგით – 8 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულეს, თუმცა მეორე წრეში ორივეს დაღმასვლა დაეწყოთ. ეს უფრო კაკტუსზე ითქმის, რომელმაც მეორე წრის 7 მატჩიდან 6 წააგო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-6 მარცხი კავკასიასთან განიცადა – 74:96 (სტატისტიკა).
კავკასიას პლეი ოფი განაღდებული აქვს და სურს, რაც შეიძლება, მეტი მატჩი მოიგოს, რათა პლეი ოფში რეგიონის გუნდს თუ შეხვდა, მოედნის უპირატესობა ჰქონდეს. ხოლო კაკტუსმა თუ ასე გააგრძელა და თამაში ვერ მოიგო, თეორიულად, შესაძლოა, პლეი ოფს მიღმა დარჩეს, თუმცა ეს რეალობისგან ძალიან შორსაა.
სუპერლიგის ამ ტურის ბოლო მატჩი ხვალ, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ გასავარდნად განწირული “ვერა” ჩავა.