ქუთაისმა სუპერლიგის მე-4 ტური რუსთავში გამარჯვებით გახსნა

ქუთაისმა სუპერლიგის მე-4 ტური რუსთავში გამარჯვებით გახსნა

სუპერლიგის მე-4 ტური დღეს რუსთავში დაიწყო. ქვემოქართლურმა გუნდმა, რომელმაც თავი საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას მოუყარა და დიდი ამბიციაც გააჩნია, ქუთაისს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 69:72 წააგო. მატჩის ბოლო წამზე რუსთაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა, დენზელ ლივინგსტინმა მოედნის ცენტრიდან გამთანაბრებელი სამქულიანი რკალს გაარტყა და გამარჯვება იმერულ კლუბს დარჩა, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგის მე-4 მატჩში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. რუსთაველთა მონაგარი კი 1 მოგება და 2 მარცხია.

მასპინძლებმა შეხვედრა კარგად კი დაიწყეს და 22:15 დაწინაურდნენ, მაგრამ შედეგიანი თამაში ვეღარ გააგრძელეს, ქუთაისელებს თამაშის დალაგების საშუალება მისცეს და პირველი პერიოდი ფრედ – 22:22 დასრულდა. მეორე პერიოდიდან გუნდებმა დაცვა გაამაგრეს, შეცდომებმაც იმატა და ბურთიც იშვიათად ვარდებოდა. მეოთხედის საწყის 5-წუთეულში ანგარიში მხოლოდ 5 ქულით გაიზარდა – ქუთაისელებმა 3:2 იძალეს და 25:24 დაწინაურდნენ. 

პერიოდის ბოლომდე სტუმრებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს – ათწუთეული 12:6 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. რუსთაველებს თამაში არა და არ მისდიოდათ, რაც ქუთაისელთა მედგარი დაცვის დამსახურება გახლდათ. იმერული კლუბი როგორც პერიმეტრიდან, ისე საჯარიმოშიც ჯაბნიდა მეტოქეს და მესამე პერიოდის შუაწელში 16-ქულიან უპირატესობას მიაღწია.

აქედან დაიწყო რუსთაველთა ბრძოლა თამაშის გადასარჩენად, რომელიც ბოლო წამებამდე გაგრძელდა. ამერიკელი დენზელ ლივინგსტონისა და ოთო ფხაკაძის მექულეობით, რომლებსაც თანაგუნდელები ეხმარებოდნენ, მასპინძლებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და ბოლო წუთზე შეტევის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა ლივინგსტონის გამთანაბრებელი გარღვევა უშედეგო გამოდგა და ქუთაისელებმაც გამარჯვება ფაქტობრივად გაინაღდეს. სირენის თანხლებით ნასროლი ზემოთნახსენები შორი სამქულიანი მიზანს ასცდა და ქუთაისელებიც 2 ქულით გაბრუნდნენ იმერეთში.

გამარჯვებულთაგან 17 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ბარბაქაძე. 14-14 ქულა შონ რაუნდთრიმ და მილოშ პაიოვიჩმა მიითვალეს. 13 ქულა და 9 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა. რუსთაველებს ლივინგსტონმა 24 ქულით ულიდერა, 12 ქულა კი ილია ლონდარიძის ანგარიშზე დაგროვდა.

მე-4 ტურის მომდევნო 2 შეხვედრა ხვალ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: კაკტუსი – ბათუმი  14:00 საათზე, ოლიმპი – თსუ – 16:00-ზე.

რუსთავი – ქუთაისი
სტატისტიკა: 69:72