სუპერლიგის მე-3 ტური დღეს ქუთაისსა და თბილისში გაიხსნა. იმერეთს სუპერლიგის დებიუტანტი “შსს აკადემია-ტიტები” ესტუმრა და მასპინძლებს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.
შეხვედრის ბოლო წუთი დაიწყო თუ არა, სტუმრები დენიელ აფჩერჩის ზუსტი გარღვევით 72:71 დაწინაურდნენ. ქუთაისელებმა წუთშესვენება აიღეს და საპასუხო შეტევაში აკაკი დვალიშვილმა შორი ორქულიანით მასპინძლები კვლავ დააწინაურა. მატჩის ერთ-ერთ გადამწყვეტ შეტევაში “ტიტების” ამერიკელმა ლეგიონერმა, დენიელ აფჩერჩმა არაზუსტი პასით ბურთი დაკარგა, ხოლო საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე ჯონათან ლიმ ზუსტი სამქულიანით ქუთაისელები 4 ქულით დააწინაურა.
მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გადაწყდა. სტუმრები ტაქტიკურ ჯარიმებზე გადავიდნენ, თუმცა 4 ქულით დაწინაურებული ქუთაისელების წამოწევა ვერ მოახერხეს და სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა – 81:77. მასპინძელთაგან 23 ქულით ბომბარდირი ჯონათან ლი გახდა, 17 ქულა ჯეჟან რაიტის ანგარიშზე დაგროვდა, 12 – ლევან ფაცაციამ მოაგროვა, ხოლო ტერენს ტომპსონმა მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 11-11 ქულა-მოხსნა მიითვალა. “ტიტებში” დენიელ აფჩერჩმა 16 ქულა და 8 პასი მიითვალა, ბესიკ ლეჟავას და ილია ლონდარიძის ანგარიშზე 15-15 ქულა დაგროვდა.
ქუთაისი – შსს აკადემია-ტიტები
სტატისტიკა: 81:77
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ შეხვედრაში “დელტამ” საკმაოდ იოლად – 83:61 დაამარცხა “კაკტუსი”. თანაბარი მხოლოდ პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც დელტელებმა 16:15 მოიგეს. მეორე ათწუთეულში ერთქულიანი ლიდერობა 8 ქულამდე გაიზარდა, ხოლო მესამე პერიოდში მატჩის ბედი გადაწყდა. “დელტამ” 21:8 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხდის წინ 21 ქულით დაწინაურდა.
დელტელებმა საბოლოოდ 18 ქულით იმარჯვეს და 3 ტურის შემდეგ 2 გამარჯვებით ლიდერებში გაერივნენ. 14 ქულით გუნდის კაპიტანი ზვიად ანთაძე გამოირჩა. ხოლო 13-13 ქულა არტიომ შვეცმა, მალკოლმ დრიმრაითმა და ბექა ბექაურმა მოაგროვეს. “კაკტუსში” 17 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო იყო ენტონი ჯენუარი, ხოლო ბრაიან გლასფორდმა 13 ქულა დააგროვა.
მესამე ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა 22 ნოემბერს თბილისსა და რუსთავში გაიმართება. ოლიმპიურ სასახლეში ოლიმპი – ბათუმს, დინამო კი მგზავრებს შეხვდება, რუსთავი კი თსუ-ჰიუნდაის უმასპინძლებს.
კაკტუსი – დელტა
სტატისტიკა: 63:81