ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში “ქუთაისი 2010″‘-მა 85:79 დაამარცხა “რუსთავი” და ფინალში გავიდა. ასე და ამგვარად, წელსაც ის გუნდები გაითამაშებენ ტიტულს, რომლებიც ბოლო 3 წელია, ფინალში არიან: “დინამო თბილისი” “ქუთაისის” წინააღმდეგ.
სერიაში განვითარებული დრამატული მოვლენების შემდეგ საქმე მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, რომელსაც იმერეთის მთავარმა ქალაქმა უმასპინძლა. ქუთაისელებმა სერიაში 1:2 ჩამორჩენის შემდეგ მოახერხეს გათანაბრება და შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, საკუთარი გულშემატკივართა თვალწინ და მათი დახმარებით, ფინალის საგზური მოეპოვებინათ. ასეც მოხდა, კოტე ტუღუშის გაწვრთნილი “ქუთაისი” მთელი თამაშის მანძილზე იგებდა და გამარჯვება საბოლოოდ დაიმსახურა კიდეც.
რუსთაველებმა ბოლომდე იბრძოლეს. მთლი მატჩის განმავლობაში მეტოქეს კუდში მისდევდნენ და მაშინაც კი, როცა ბოლო პერიოდის შუაწელში მასპინძელთა ლიდერობამ 15 ქულას უწია, არ გატყდნენ. სწორედ მაშინ, 65:79 რომ აგებდნენ, ქვემოქართლელებმა გაქცევა მოაწყვეს. 3-წუთიანი მონაკვეთი რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა 12:0 მოიგეს და “ქუთაისს” 2 ქულამდე მიუახლოვდნენ – 77:79.
მასპინძლებმა წუთშესვენება აიღეს და ავანსი გიორგი ბარბაქაძეზე გასცეს, რომელმაც საპასუხისმგებლო მისიას თავი კარგად გაართვა: ჯერ სამქულიანი ჩააგდო, ხოლო როცა რუსთაველებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, კვლავ შორი ტყორცნა განიზრახა, რომელიც სტუმართა კაპიტანმა გიორგი ცეკვავამ ჯარიმით აღკვეთა. ეს მოხდა მატჩის ბოლო წუთზე. ბარბაქაძემ სამივე საჯარიმო ჩააგდო, ქუთაისელები 85:79 დააწინაურა და მატჩის ბედიც გადაწყდა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 18 ქულა და 9 პასი დეჟუან რაიტის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “რუსთავში” 21 ქულითა და 11 მოხსნით ტაირელ ნელსონი გამოირჩა. 16 ქულა მიითვალა ცეკვავამ. ადამ ბლეიზეკმა კი აქტივში 13 ქულა, 9 პასი და 5 მოხსნა ჩაიწერა. ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა კრეიგ ოსაიქიუოუენს.
ნახევარფინალურ სერიებში დამარცხებული “რუსთავი” და “მგზავრები” ბრინჯაოს მედალს 1-მატჩიან სერიაში გაითამაშებენ, ხოლო “დინამოსა” და “ქუთაისის” ფინალური სერია 23 მაისს დაიწყება და 3 მოგებამდე გაგრძელდება.
ქუთაისი – რუსთავი
სტატისტიკა: 85:79
ქუთაისმა მოიგო სერია – 3:2