სუპერლიგის მე-14 ტური დასრულდა. ბოლო, მე-5 შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ “რუსთავი” ჩავიდა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-7 მარცხი იწვნია. სუპერლიგის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა “ქუთაისი 2010”-მა ქვემოქართლური გუნდი 98:82 (სტატისტიკა) დაამარცხა და ცხრილში მე-3 ადგილზე აინაცვლა. ქუთაისელებს, “ვერას” და “ოლიმპს” თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით მე-3 ადგილს იმერული კლუბი იკავებს, შემდეგ “ვერა”, მე-5 ადგილზე კი “ოლიმპია” განთავსებული.
დღევანდელი შეხვედრა რუსთაველთათვის კარგად დაიწყო და სამქულიანი სროლების ხარჯზე სტუმრებმა პირველი პერიოდი 27:18 მოიგეს. მერაბ ბოქოლიშვილის, დენზელ ლივინგსტონისა და ნიკოლა ტადიჩის შორი სროლებით რუსთაველები ფონს იოლად გადიოდნენ, სანამ მეორე პერიოდიდან “ქუთაისი” დაცვას გაამაგრებდა და თამაშს გაათანაბრებდა. აღნიშნული ათწუთეული მასპინძლებმა 4 ქულით მოიგეს და მთავარი დარტყმა სტუმრებს მესამე პერიოდში მიაყენეს.
ქუთაისელებმა ფარქვეშ უპირატესობა მოიპოვეს და როცა რუსთაველებს შორი სროლები თავდაპირველი სიზუსტით აღარ წაუვიდათ, ლიდერი შეიცვალა. ზუსტი საშუალო სროლებითა და საჯარიმოებით მასპინძლებმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს, მესამე პერიოდი 31:13 მოიგეს და ბოლო ათწუთეულს ფაქტობრივად აზრი დაუკარგეს. “ქუთაისის” ლიდერობამ მეოთხე პერიოდის ახალდაწყებულზე 20 ქულას გადააჭარბა და თამაშიც ფორმალობა გახდა. მასპინძლები დამაჯერებლად მივიდნენ გამარჯვებამდე და მეორე წრის დასაწყისში ცხრილში გვარიანად დაქვეითებულებმა, ზედიზედ 3 გამარჯვებით (ოლიმპთან, თსუ-სთან და რუსთავთან), სატურნირო მდგომარეობა გვარიანად გაიუმჯობესეს.
რუსთავმა დღევანდელ მატჩში 16 სამქულიანი ჩააგდო, რაც მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია, თუმცა მხოლოდ შორი სროლები თამაშს რომ არ იგებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ქუთაისელებმა მეტოქეზე 10-ით მეტი ორქულიანი და 11-ით მეტი საჯარიმო მიითვალეს, რაც დიდი სხვაობით გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ქუთაისელთაგან 17 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 19 ქულა ლევან გრძელიძემ მოაგროვა, ხოლო 14-14 ქულა დეჟან რაიტმა და ჯოვან მურინგმა მიითვალეს. რუსთაველთაგან 14 ქულით, 9 მოხსნით და 6 პასით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი, ხოლო 18 ქულით გუნდის ბომბარდირი ნიკოლა ტადიჩი გახდა.
სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 6, 7 და 8 მარტს გაიმართება.
ფოტო: BC KUTAISI2010/facebook